უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ოფიციალურად გამორიცხა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აქამდე ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებზე მზადყოფნას გამოთქვამდა და მასთან პირისპირ შეხვედრაზეც თანახმა იყო.

  • თუმცა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია გამოაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ სხვა პრეზიდენტთან.

დეტალები: ანექსიის გამოცხადების პარალელურად, საბჭომ გამოსცა დოკუმენტი, სადაც "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შეუძლებლობაზეა" საუბარი.

  • განკარგულება ამტკიცებს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადსაც;
  • ასევე, პუნქტს, რომლის თანახმადაც, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების ისეთი სისტემა უნდა მოამზადოს, რომ რუსეთის აგრესიის მოგერიება გარდაუვალად უზრუნველყოს, გაზარდოს სამხედრო და ტექნიკური დახმარება უკრაინისთვის, რათა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდეს;
  • ამასთან, დოკუმენტში რეკომენდაციაა, რომ უკრაინის რადამ იმ კანონპროექტების მიღება დააჩქაროს, რომელიც შესაბამის სანქციებსა და რუსეთის ესკალაციის საპასუხო ქმედებებს ეხება.

არქივიდან: 30 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა, ხერსონსა და დონეცკის ანექსია გამოაცხადა. პუტინმა იკადრა და ამ ცერემონიიდანაც მოუწოდა უკრაინას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან;

  • უკრაინამ კი თქვა, რომ პუტინი ცდილობს ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, რომელსაც ადგილზე ფიზიკურად არც კი აკონტროლებს — საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო რუსეთის ქმედება და ე.წ რეფერენდუმები არ აღიარა;
  • იმავე დღეს ზელენსკიმ NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი — ზელენსკის განცხადებით, მათ უკვე აიღეს გზა ნატოსკენ და უკვე დაამტკიცეს ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა.