ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირმა საქართველოს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა — მისცა პერსპექტივა და 12 პუნქტიანი გეგმა.

  • ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის გასცა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია და მოუწოდა, აღმოფხვრან ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
  • მოლდოვისა და საქართველოს რეკომენდაციები ამ მიმართულებით იდენტურია, ხოლო უკრაინას დაევალა, უკვე მიღებული კანონის შესაბამისად, სამართლებრივად გამართულად იმუშაოს ამ საკითხზე.

ქართული ოცნება გეგმავს, წარადგინოს დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ანალოგი და ამით "აიცილოს სპეკულაციები".

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პირის ოლიგარქად განსაზღვრისათვის პროექტში ჩაიწერა ყველა ის კრიტერიუმი, რაც უკრაინულ კანონში: "საუბარია მედიაგავლენაზე; პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენაზე; მონოპოლისტურ საქმიანობაზე; საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე".
  • გარდა ამისა, ოხანაშვილმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და თქვა, რომ კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე "ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება".

ოპოზიცია აცხადებს, რომ შესაძლოა ამ კანონმა გამოიწვიოს რეპრესიები ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ. სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით,

  • "უკრაინაში აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა, იქ არჩეული დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავთ. არ არიან ოლიგარქიული კანონის ქვეშ არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი. ბუნებრივია, რომ კანონის უკრაინული ვერსია მოეწონებოდა ევროსტრუქტურებს, მაგრამ საქართველოს რეალობა განსხვავებულია", — განაცხადა ენმ-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
  • "ჩემი აზრით ილია ჭავჭავაძე აკმაყოფილებდა სრულად ამ ფორმულას და მაშინ, რომ ეს კანონმდებლობა გვქონოდა, ილია ჭავჭავაძეს გავიყვანდით ოლიგარქებში", — ამბობს გირჩის დეპუტატი, ვახო მეგრელიშვილი.

კელი დეგნანი ფიქრობს, რომ პირდაპირ აღება და სხვისი პრაქტიკის გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს, რადგან ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული კონტექსტი.

  • "დეოლიგარქიზაცია გულისხმობს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე არასათანადო გავლენის აღმოფხვრას, შემცირებას. ანუ იმ საკითხებზე რეაგირებას, რაც იწვევს გავლენას ფულით, ფინანსურად, გავლენებით თუ ა.შ. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში, მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის, ჩემსაშიც და ყველა ეძებს საკუთარ გზებს რომ მოახდინოს რეაგირება ამ გავლენებზე".
  • "მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართოს მსჯელობა და გზების მოძებნა, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება", — განაცხადა ელჩმა.

რა წერია უკრაინულ კანონში: უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, ოლიგარქი არის პირი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს რამდენიმე მახასიათებელს:

  • მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე;
  • არის საბოლოო მესაკუთრე ეკონომიკური სუბიექტისა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღიდან არის ბუნებრივი მონოპოლი ან ფლობს მონოპოლიურ (დომინანტურ) პოზიციას ბაზარზე "ეკონომიკური კონკურენციის დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად და ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ პოზიციას;
  • პირის და იმ ბიზნესსუბიექტების, რომელთა მოსარგებლეც ის არის, აქტივების ჯამური ღირებულება აჭარბებს შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის მილიონზე ნამრავლს.