ირანელი სკოლის მოსწავლეები ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტს შეუერთდნენ. ირანში საპროტესტო აქციები თითქმის ერთი თვეა, რაც გრძელდება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ აქციების პირველ დღეებში დაკარგული 16 წლის ნიკა შაჰკარამის ცხედარი ოჯახმა მორგში იპოვა, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა.

ირანელები როგორც ქუჩებში, ისე თავიანთი სახლებში, სკოლებსა და ოფისებში მთავრობას პროტესტს უცხადებენ. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ ირანის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ჰიჯაბებს იხსნიან და შეძახილებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. "სიკვდილი დიქტატორს" — ეს შეძახილები სკოლის დერეფნებში ისმის, შემდეგ კი მოსწავლეები პროტესტს ქუჩაში აგრძელებენ.

საკლასო ოთახიდან გავრცელებულ ფოტოებში კი ვხედავთ, რომ გოგოები ორანის ორ ლიდერის, რუჰოლა ხომეინისა და აიათოლა ალი ხამენეის ფოტოს შუა თითს უჩვენებენ. სხვა ფოტოებში კი ჩანს, რომ მოსწავლეები დაფაზე სხვადასხვა სლოგანს წერენ და პროტესტს სწორედ ამ გზით გამოხატავენ.

ფოტო: Twitter

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მაჰსა ამინი, ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა. თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.

ირანში საპროტესტო აქციებზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს. მოგვიანებით კი, სოციალური ქსელების მომხმარებლები პროტესტის ამ ფორმას შეუერთდნენ და ბევრმა მუსლიმმა ქალმა საჯაროდ თმაც შეიჭრა. მაჰსა ამინის მკვლელობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც გააპროტესტეს. ამ ეტაპისთვის საპორტოსო აქციებზე დაღუპულია 50 ადამიანი, 1500-ზე მეტი კი დააკავეს.