ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 10 ნოემბერს, ომის შემდეგ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

  • ამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა და სხვადასხვა მონაცემით, მეორე ომის დასრულების შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ჩათვლით, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა;
  • 2022 წლის სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ განახლდა.

დეტალები: გუშინ, 6 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტზე სომხეთის პრემიერმინსტრ ნიკოლ ფაშინიანს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა შედგა.

  • შეხვედრის ორგანიზატორები საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი იყვნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს ხანში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დაწყებას.

  • მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებულ 5 პრინციპს — სახელმწიფოების მიერ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობისა და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღიარებას.

გარდა ამისა, პრაღაში შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე დაწერა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს ერთგულება გაეროს წესდებისა და ალმა-ატის 1991 წლის დეკლარაციისადმი, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

  • როგორც მაკრონი წერს, სომხეთი თანახმაა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის შექმნას.

ევროპის საბჭოს განცხადებით, მისია მაქსიმუმ ორ თვეში დაიწყება. მისიის მიზანია კი ნდობის განმტკიცება იქნება, ასევე წვლილის შეტანა საზღვრის დამდგენი კომისიების მუშაობაში.

  • "სომხეთმა დადო შეთანხმება, რომ ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიას აზერბაიჯანის საზღვართან. აზერბაიჯანი დათანხმდა ითანამშრომლოს ამ მისიასთან რამდენადაც ეს მას შეეხება".