უკრაინის უშიშროების სამსახური რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და აგრესორი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ეძებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყების შემდეგ მედვედევის რიტორიკა იმაზე უფრო აგრესიულია, ვიდრე პუტინის.

  • ის ცინიკურად ითხოვს უკრაინის ხელისუფლების დამხობას, "დასჯას" და ამართლებს ყველანაირი ფორმის ძალადობას, რასაც რუსები უკრაინაში ჩადიან.
  • მისი პოსტები სავსეა აბსურდული თეორიებით, პროპაგანდითა და საბჭოთა ნოსტალგიებით.
  • დღეს, როცა უკრაინაში რუსეთის მასიურ სარაკეტო შეტევას აფასებდა, განაცხადა, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია და სხვა დაბომბვები დააანონსა.

დეტალები: დღესვე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ მედვედევზე ძებნა გამოცხადდა.

  • უკრაინა მედვედევს ეძებს სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას ნიშნავს.
  • ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე.
  • მონაცემთა ბაზაში მითითებულია, რომ მედვედეს პირველ მარტიდან ეძებენ.