27 სექტემბერს, თბილის დროით 03:15 საათზე, ისტორიული მისია შედგა — NASA-მ ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი მიზანმიმართულად შეაჯახა. ეს მოვლენა პლანეტური თავდაცვის ტექნოლოგიის გამოცდას ემსახურებოდა, რომელსაც იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ ოდესმე დედამიწისკენ მომავალ უზარმაზარ ასტრონომიულ სხეულს შევნიშნავთ.

ასევე, იხილეთ: აბასთუმნიდან ასტეროიდის თანამგზავრთან NASA-ს ხომალდის შეჯახების უნიკალური კადრები გადაიღეს

და აი, ამ შეჯახებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, NASA ადასტურებს, რომ მიზანი მიღწეულია — დიმორფოსის ორბიტა შეიცვალა. კაცობრიობა ასტეროიდის მოძრაობაში ხელოვნურად ჩაერია და წარმატებასაც მიაღწია, რითაც დავამტკიცეთ, რომ კოსმოსური საფრთხისგან ჩვენი პლანეტის დაცვა შეგვიძლია.

"ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მშობლიური პლანეტა დავიცვათ. ბოლოს და ბოლოს, ის ერთადერთია, რაც გაგვაჩნია. ეს მისია ცხადყოფს, რომ NASA ცდილობს, მოემზადოს ნებისმიერი საფრთხისთვის, რომელსაც სამყარო გვიმზადებს და მან დაამტკიცა, რომ ამ საქმეს სერიოზულად ეკიდება. ეს პლანეტური თავდაცვისთვის და მთელი კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია", — ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

დიმორფოსის ორბიტა შეჯახებიდან 1 კვირის შემდეგ.

ფოტო: NASA

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ თუ შეჯახებამდე დიმორფოსის ორბიტული პერიოდი 11 საათი და 55 წუთი იყო, მისიის შედეგად უფრო დიდი ზომის ასტეროიდ დიდიმოსის გარშემო მოძრაობას ახლა ის უკვე 11 საათსა და 23 წუთს ანდომებს ( ±2 წუთი).

აღსანიშნავია, რომ NASA ორბიტის ცვლილების მინიმუმ პერიოდად 73 წამს განიხილავდა, თუმცა, პირველადი მონაცემების თანახმად, ამ ზღვარს 23-ზე მეტჯერ გადავაჭარბეთ.

უნდა ითქვას ისიც, რომ სააგენტო ყოველდღე ახალ-ახალ მონაცემებს იღებს და ინფორმაციას აზუსტებს. ამაში მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიები და ამერიკაში მდებარე სარადარო მოწყობილობები ეხმარება. სპეციალისტები შეჯახების იმპულსის ეფექტიანობასაც ზომავენ და ასტეროიდის მიერ კოსმოსში გაფრქვეული მატერიის წვლილსაც აანალიზებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.