თბილისის მერი კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც დაშავებული ბავშვები მიიყვანეს.

კალაძის თქმით, მომხდარი უმძიმესი ფაქტია და ყველა თავზარდაცემულია. მანვე აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული.

  • "ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში", — ამბობს მერი.
  • ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ განაცხადა ისიც, რომ ექსპლუატაციაში შესვლამდე შესაბამისმა სამსახურებმა შადრევანი შეამოწმეს.
  • კითხვაზე, ხედავს თუა რა თბილისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხს, ის ასე პასუხობს:
  • "რა თქმა უნდა. უდიდესი, უმძიმესი თემა არის, თავზარდაცემულები ვართ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი".

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ 2 ბავშვს დენმა დაარტყა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

  • მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ვაკის პარკში მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია დასრულდა. გუშინ, 12 ოქტომბერს გახსნას თბილისის მერი დაესწრო.

  • მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია.
  • ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.