თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი მხოლოდ ჯაბა სამუშიამ შეიტანა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გიორგი შარვაშიძის გადადგომის შემდეგ, სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თსუ-ის რექტორის თანამდებობას სამუშია დაიკავებდა. მას facebook-ზე მილოცვებსაც უწერენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

  • თსუ-ის სტუდენტურმა მოძრაობამ თქვა, რომ "უნივერსიტეტის კლანურ მმართველობას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ გახდება რექტორი". წერდნენ იმასაც, რომ სტუდენტები მათ ამის შესაძლებლობას არ მისცემდნენ.

  • გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ სამუშიამ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ წუხდა, რადგან ბევრმა ადამიანმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო.

პოსტები 9 ოქტომბერს დაიწერა

ჯაბა სამუშია თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორია. ის ასევე იყო თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან.

  • ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ თუ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის ყველა პრობლემურ საკითხს პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთად გაივლის.
  • "არ მესმის, ჩემს კანდიდატურაში პრობლემის დანახვის არსი. რას ნიშნავს, ვინმე პრობლემას ხედავს ჩემს კანდიდატურაში?! პრობლემა რაში მდგომარეობს — რამე ცენზი მაკლია და არ მაქვს ეს ცენზი, რომ კენჭი ვიყარო?";
  • "უნივერსიტეტთან არაფერი მაკავშირებს და გარედან შევდივარ? ეს ხომ გემოვნების საკითხია, ვიღაცას რაღაც მოსწონს და ვიღაცას რაღაც არ მოსწონს", — ამბობს ის.

არჩევის წესი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.

  • წესდების მიხედვით, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით.
  • ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
  • მოვალეობის შესრულებისთვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი რექტორის შესარჩევად.

არქივიდან: თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.

  • შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე 2016-2020 წლებში პირველი ვადით, 2020 წლიდან კი მეორე ვადით იყო არჩეული.