თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განცხადებით, ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემური ტესტირება მუდმივად ტარდებოდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 დაშავდა.

  • ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, მეორე კი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

დეტალები: ბასილაიას განცხადებით მუნიციპალიტეტის ობიექტებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არასდროს ყოფილა.

  • აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული იყო კონკრეტული "რელე", რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს — "ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ".
  • როგორც ბასილაია ამბობს, მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში, ასევე აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას და რაიმე შემთხვევა არც ერთხელ დაფიქსირებულა.

გარდა ამისა, ამბობს, რომ კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალიტეტში, წარიმართა შემდეგნაირად:

  • "ჩვენ შევისყიდეთ კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ჩავიბარეთ დაექსპერტებული, ანუ მას მოჰყვა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა და დაიწყო უშუალოდ კასკადის რეაბილიტაციის განხორციელება;
  • ამ პროცესში ასევე ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას და აკეთებს მოცულობების დადასტურებას, ანუ რა მოცულობები და რა სახის მასალები შემოვიდა ობიექტზე;
  • როდესაც მოდის კონკრეტული ეტაპის მიღება-ჩაბარების დრო, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რისი საფუძველიც არის საექსპერტო დასკვნა ჩატარებულ სამუშაოებზე;
  • საექსპერტო ბიურო ადარებს პროექტის შესაბამისობას შესრულებულ სამუშაოსთან და წერს შესაბამის დადებით დასკვნას, რომლის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოს ჩაბარება ხდება".

ვაკის პარკში კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია გრინსერვისი+ ასრულებდა. მისი მფლობელის, ლაშა ფურცხვანიძის წინააღმდეგ 2013 წელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

  • 2018 წელს TI აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ამისა, ეს კომპანია 2013 წლის იანვრიდან მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და 2018 წლის პირველ ნოემბრამდე 21 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, ასევე, გამარტივებული შესყიდვით 95 000 ლარი მიიღო.
  • 2021 წელს ფლანგვის დეტექტორი წერდა, რომ მხოლოდ 2020 წელს კომპანიამ 5 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 7 წელში ტენდერების გზით დაახლოებით 41 256 287 ლარი აქვს მიღებული.
  • შესყიდვების გვერდზე ოფიციალურად წარდგენილ დოკუმენტაციაში ვაკის პარკში რეაბილიტაციაზე ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი 26 აგვისტოთი თარიღდება — წერია, რომ გრინსერვისი+-მა ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • ინსპექტირების ანგარიშის დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ სამუშაოები შესრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.