გაიცანით: წარმოგიდგენთ სინთეტიკურ პარტიას, ახალ პოლიტიკურ მოძრაობას დანიაში, რომელსაც იმედი აქვს, რომ მალე პარლამენტში თავისი ადგილი ექნება. უი, და სხვათა შორის, პარტიის მთავარი, ლიდერი ლარსი, რეალურად ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტია. შესაბამისად, მისი პოლიტიკა AI-დან გამომდინარეობს. აბა, რას იტყვით?

ასკერ სტაუნესმა, პარტიის დამფუძნებელმა და მკვლევარ-არტისტმა Motherboard-ს განუცხადა, რომ ლარსი სპეციალურად არის გაწვრთნილი 1970 წლის შემდგომ დანიის გარე პარტიების მიერ ჩამოყალიბებულ პოლიტიკაზე. მისი თქმით, პარტია შექმნილია იმისთვის, რომ ერთობლივად წარმოადგინოს დღევანდელი დანიელი ამომრჩევლების დაახლოებით 20 პროცენტი. ეს ის 20 პროცენტია, რომლებსაც თავისი იდეების გამტარებლები პარლამენტში არ ჰყავთ.

"ჩვენ წარმოვადგენთ ყველა გარე პარტიის მონაცემებს. ეს ის პარტიებია, რომლებიც პარლამენტში მოხვედრას ცდილობენ. ასე რომ, ერთგვარად ეს ისეთი ადამიანია, რომელმაც ჩამოაყალიბა საკუთარი პოლიტიკური ხედვა, მაგრამ არ გააჩნია შესაბამისი რესურსები მის გასავრცელებლად", — ამბობს სტაუნესი.

ლარსი, გარკვეულწილად, თანდაყოლილი პოპულისტია, რადგან მისი "პოლიტიკა" — რომელიც Motherboard-ის მიხედვით მოიცავს უნივერსალურ საბაზისო შემოსავალს და "მთავრობაში ერთობლივ საკუთრებაში არსებულ ინტერნეტსა და IT სექტორს" — მთლიანად ადამიანთა არსებული მონაცემებიდან და შემოქმედებიდანაა მიღებული. თუმცა, როგორც სტაუნესი ამბობს, ლარსი სრულყოფილად დემოკრატიული არ არის.

"ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე იმდენი რამ მოიცვა, რომ შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად უკვე ყველა მონაწილეობს ამ მოდელში. ეს ინტერნეტში ჩვენი მონაცემების გაცემით ხდება. ხელოვნური ინტელექტი და ალგორითმები ჩვენს მიერ გაცემულ მონაცემებს აკვირდებიან და სწავლობენ. ის სისტემები, რომლებიც დღეს გვაქვს, არ გვიწყობს ხელს საკუთარი მონაცემები თავად ვაკონტროლოთ", — თქვა ინტერვიუში სტაუნესმა.

იქიდან გამომდინარე, რომ პარტიის ლიდერი ლარსი მანქანაა, მას თავად არჩევნებში კენჭის ყრის უფლება არ აქვს. თუმცა, იგივე წესები არ ვრცელდება პარტიის ადამიან წევრებზე, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება პარლამენტშიც ვიხილოთ. და აი მივიღებთ პოლიტიკოსებს, რომელთა ლიდერიც ხელოვნური ინტელექტია.

"ლიდერი ლარსი არის პარტიის ფიგურა", — განაგრძო სტაუნესმა. "დანია არის წარმომადგენლობითი დემოკრატის ქვეყანა, ასე რომ, კენჭისყრაზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ლიდერ ლარსს და რომლებიც მზად არიან იმოქმედონ როგორც პოლიტიკოსებმა".

დანიაში პოლიტიკურ პარტიას 20 000 ხელმოწერა სჭირდება რათა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღოს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი და როგორ განვითარდება მოვლენები.