შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს შორის არიან გრინსერვისის დირექტორი და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 ბავშვი დაშავდა.

  • შადრევანი მერიამ წინა დღეს, 12 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნა — სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია გრინსერვისი+ ასრულებდა.
  • ოფიციალურად დოკუმენტაციაში წერია, რომ გრინსერვისი+-მა ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო მშენექსპერტის ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • თავის მხრივ, მშენექსპერტი ინსპექტირების შუალედურ ანგარიშში წერს, რომ სამუშაოები შესრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, თუმცა თუმცა არ საუბრობს უსაფრთხოების საკითხზე.
  • მერიის წარმომადგენელი და გრინსერვისის დირექტორიც ამტკიცებდნენ, რომ შადრევნის უსაფრთხოება შემოწმებული იყო.

რას ამბობს შსს: გამოძიების ვერსიით, "შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად", მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მოადგილემ, შპს გრინსერვისი+-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი თეთრი ფერის კონსტრუქციით.

  • მათივე თქმით, ამ პირმა აცნობა ლაშა ფურცხვანიძეს, რომელმაც დაავალა მას, ამ სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ ქვეკონტრაქტორი ფირმის, ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენლისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს.
  • ხოლო შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა გრინსერვისის სამუშაოთმწარმოებელს.

დარღვევები: უწყებაში ამბობენ, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ:

  • "წყლის მილებზე უჟანგავი კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია".
  • მათივე თქმით, ლაშა ფურცხვანიძემ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
  • უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ ქვეკონტრაქტორის ფირმის წარმომადგენელმაც არ გადაამოწმა დაქირავებული ელექტროშემდუღებლების მიერ შესრულებული სამუშაო.
  • ხოლო გრინსერვისის საქმეთამწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი ამ საქმიანობას.

ინსპექტირების ანგარიში: უწყებაში განმარტავენ, რომ გრინსერვის +-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს მშენექსპერტთან.

  • მათი თქმით, მშენექსპერტისდირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს გრინსერვის +-ის თანამშრომელს, მაგრამ დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და გრინსერვის +-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს.
  • მათივე თქმით, კომპანიის თანამშრომელმა, დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია მშენექსპერტის დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.
  • "2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი — ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს", — აცხადებს უწყება.
  • აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს ყალბი დასკვნა ლაშა ფურცხვანიძემ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, "რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი".

ბრალდება: უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი საქმიანობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი.

  • გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის, სამსახურებრივ გულგრილობაზე, გულგრილობაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი დოკუმენტების დამზადებაზე.

ვინ დააკავეს: მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დაკავებულია სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ლაშა ფუცხვანიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.
  • შპს გრინსერვის+-ის საქმის მწარმოებელი ბ.მ. და შპს ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელი ლ.ჭ. დააკავეს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
  • გრინსერვის +-ის თანამშრომელი დ.კ დააკავეს 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს.
  • მშენექსპერტის დირექტორი ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი დ.თ. დააკავეს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას გულისხმობს.
  • ხოლო ელექტროშემდუღებელი 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.