სულ ცოტა ხნის წინ ნეფლიქსმა The Crown-ის ახალი, მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი გაავრცელა. სეზონს, რომლისადმი მოლოდინი დედოფალი ელიზაბეთის გარდაცვალებამ განსაკუთრებით გაამძაფრა, მაყურებელი ნოემბერში იხილავს. ამ მოლოდინს კი ალბათ კიდევ უფრო გაზრდის 2-წუთნახევრიანი ტრეილერი, რომელიც სეზონის სიუჟეტზე ბევრ რამეს გვეუბნება.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ შექმნილი სერიალის მე-5 სეზონში მსახიობების ახალ შემადგენლობას შევხვდებით. პრინცესა დაიანას როლს ელიზაბეთ დებიკი ასრულებს, პრინც ჩარლზს დომინიკ უესტი განასახიერებს, ელიზაბეთ II-ის როლი კი ლეგენდარულ იმელდა სტონტონს ხვდა.

ახალ სეზონში სერიალის სიუჟეტი 1990-იან წლებში განვითარდება. ამ პერიოდში პრინცესა დაიანასა და სამეფო ოჯახის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. The Crown-ის მეხუთე სეზონში კი ახალი სახეებიც ჩნდებიან: მილიარდერი მოჰამედ ალ-ფაიედი, მისი შვილი დოდი და ქირურგი ჰასნატ ხანი. ამ უკანასკნელთან პრინცესა დაიანას ფარული ურთიერთობა აკავშირებდა, მოგვიანებით კი, 1997 წელს, იგი დოდისთან ერთად დაიღუპა ავტოავარიაში.

აღსანიშნავია, რომ 1990-იან წლებში უინძორების თავსაც არანაკლები ხმაური იყო. განქორწინებების გამო, მაშინ სკანდალებში გაეხვნენ პრინცი ჩარლზი და პრინცი ენდრიუც.

ამ დროისთვის The Crown-ის მე-6 სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. მანამდე კი სერიალის მეხუთე სეზონის პრემიერაა დაგეგმილი 9 ნოემბერს.