დღეს, 20 ოქტომბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარე სასამართლო დარბაზში დასკვნით სიტყვას ამბობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სავარაუდოდ, ხვალ უნდა გამოცხადდეს ნიკოლოს ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი.

  • მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.
  • ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველმა, ანა აბაშიძემ დაწერა, რომ სასამართლოს თანამშრომლები ფოტოს გადასაღებად შესვენების დროს მოსამართლის კარიდან შევიდნენ.

დეტალები: სხდომის განახლების შემდეგ ამის შესახებ ინფორმაცია მოსამართლესაც მიაწოდეს.

  • "სასამართლოს თანამშრომლების მხრიდან მსგავსი ქცევა არაეთიკურია, როგორც მინიმუმ.
  • დაზარალებულისთვის ასეთი გარემოება, როდესაც სასამართლოსგან ელოდება ობიექტურ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას და ხედავს, რომ ამ სასამართლოს თანამშრომლები ფოტოებს იღებენ ბრალდებულთან, ეს მინიმუმ, უნდობლობის განცდას აჩენს".

მოსამართლის განცხადებით, "საბედნიეროდ გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს და არა თანამშრომლები, მდივნები, თანაშემწეები, ეს ასეა".

  • "პრობლემა რაში დაინახეთ? რომ გავაკეთოთ დაშვება, რომ ასეთ ქმედებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. პრობლემა რაში გამოჩნდა, რა დაინახეთ პრობლემური", — თქვა მოსამართლემ.

არქივიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.

  • ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოში მოყვა, რომ საბანკო ბარათებს ნიკოლოზ ბასილაშვილი აკონტროლებდა და როდესაც კამათი მოუვიდოდათ, მათ უბლოკავდა.
  • გარდა ამისა, დოროყაშვილი ამბობს, რომ ბასილაშვილი მას "მახინჯს" უწოდებდა და ეუბნებოდა, რომ სამოდელო კარიერის აწყობას ვერ შეძლებდა.