ამის შესახებ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 20 ოქტომბერს დოროყაშვილის უფლებადამცველმა, ანა აბაშიძემ დაწერა, რომ სასამართლოს თანამშრომლები შესვენების დროს ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოებს იღებდნენ.

  • მოსამართლე ამბობდა, რომ გადაწყვეტილებას ის იღებს და არა თანამშრომლები, თანაშემწეები ან მდივნები და პრობლემას ვერ ხედავდა.
  • ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობას ედავებოდნენ.

დეტალები: მოსამართლემ დღეს დაადასტურა, რომ სასამართლოს თანამშრომლებმა ფოტოები ნამდვილად გადაიღეს და ჰქონდათ "გარკვეული კომუნიკაცია" ბრალდებულთან.

  • მისი თქმით, მაშინ როცა ამის შესახებ მოისმინა, საქმის კურსში არ იყო.
  • "როგორც კი სხდომა დასრულდა, სასამართლომ მოიკვლია ეს საკითხი, დავადგინე, რომ რომ ნამდვილად ჰქონდა აღნიშნულს ადგილი".
  • "ჩავთვალე, რომ ეს იყო არაეთიკური ქცევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ამიტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ამ ყველაფერს მიეცემა მისი სამართლებრივი შეფასება", — განაცხადა ხარჩილავამ.

სასამართლოს გადაწყვეტილება: დღესვე, 21 ოქტომბერს ბასილაშვილს გაამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში.

  • ასევე, ამავე მუხლით, 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდში და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდში.
  • გარდა ამისი, მოსამართლე ხარჩილავამ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. საუბარია 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდზე.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინებით ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.

  • "გირაო შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა", — თქვა ხარჩილავამ.
  • "ბასილაშვილს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი".

პროკურატურა აცხადებს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას სააპელაციოში გაასაჩივრებს.