აქტივისტის მანქანა საღებავითაა მოხატული და შეურაცხმყოფელი წარწერებია გაკეთებული.

რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც ნატა ფერაძემ On.ge-ს უთხრა, მომხდარს მის განცხადებებს უკავშირებს. ამბობს, რომ ვაკის პარკში მომხდარის შემდეგ, თბილისის მერის გადადგომას აქტიურად ითხოვს.

  • "დიდი ვარაუდით, ეს მისი [კალაძის] ძველბიჭური მეთოდია. მე მასთან რა კონტაქტიც მქონია. ის არ არის პოლიტიკოსი, ის არის ძველი ბიჭი და ეს არის მისი ურთიერთობის ფორმა", — ამბობს აქტივისტი.

დეტალები: ნატა ფერაძე აცხადებს, რომ დაზიანებული მანქანა დილით ნახა და პოლიციას უკვე მიმართა.

  • მისი თქმით, დილით დახვდა შეტყობინება — "ეწერა ის სიტყვა, რომელსაც ბოლო დროს ხშირად მივმართავ კახა კალაძეს". მისივე ცნობით, მანქანაში ედო ბანდერი სადაც ეწერა, რომ კალაძე უნდა გადადგეს.
  • როგორც აქტივისტი ჩვენთან საუბარში ამბობს, უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე და ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. მისი თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერიც.
  • "ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. ვინც ეს შეუკვეთ თუ ფიქრობს, რომ ამით დამაშინებს ძალიან ცდება. მე არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტილვარ ჩემს ოპოზიციურ საქმიანობას", — გვითხრა ფერაძემ.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მასალა მათი პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

კონტექსტი: 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს დენმა დაარტყა — 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, 2 ბავშვი კი დაშავდა.

  • საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის ერთი მერიის თანამშრომელია.
  • ვაკის პარკში მომხდარის შემდეგ საზოგადოების ნაწილი კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მის გადადგომას ითხოვს.