ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი რუსმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა 22 ივლისს, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მოაწერეს.

  • ამ შეთანხმების მისაღწევად ოთხმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და რუსეთ-უკრაინის გარდა, თურქეთი და გაერო იყო ჩართული.
  • უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, პორტების დაბლოკვის გამო უკრაინიდან ექსპორტი გაჩერებული იყო.

  • ეს სურსათის გლობალური კრიზისის საფრთხეს ქმნიდა, რაც ფასების უპრეცედენტო ზრდაზეც აისახა.

დეტალები: რუსული მხარე ამტკიცებს, რომ შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზი 29 ოქტომბერს, სევასტოპოლის ყურეში მომხდარი თავდასხმა გახდა, რასაც რუსეთი ტერორისტულ აქტს უწოდებს, "უკრაინული რეჟიმისა და ბრიტანელი სპეციალისტების" მონაწილეობით.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო შავი ზღვის ფლოტის გემები, რომლებიც მარცვლეულის დერეფნის დაცვაში მონაწილეობდნენ.
  • კონაშენკოვმა, ასევე, დაადანაშაულა ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი ჩრდილოეთის ნაკადი 1 და ჩრდილოეთ ნაკადი 2 მილსადენებზე ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა შორსმჭვრეტელი საბაბი იპოვა, გამოსულიყო მარცვლეულის შეთანხმებიდან.

  • "მოსკოვი ბლოკავს მარცვლეულის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოსთხოვონ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს", — ამბობს კულება.

ბრალდებას უარყოფს, უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელიც.

  • ნატალია გუმენიუკის განაცხადებით, რუსეთის ბრალდებაზე ოფიციალური პასუხი მზადდება, რომელიც "სავსე იქნება ფაქტებით".

ეპიკური მასშტაბის ტყუილი — ასე გამოეხმაურა მომხდარს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

  • უწყება ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში უკანონო შეჭრასთან დაკავშირებული კატასტროფული სიტუაციიდან.

შეთანხმების მიხედვით, უკრაინის პორტები მარცვლეულის ექსპორტისთვის განიბლოკა. სტამბულში, გაეროს ეგიდით, შეიქმნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი (JCC), რომელშიც მხარეები უზრუნველყოფდნენ ინიციატივის შესრულების ზოგად ზედამხედველობას.

  • არც ერთი სამხედრო ხომალდი, თვითმფრინავი, უპილოტო საფრენი აპარატი არ შეიძლება მიახლოებოდა საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს შეთანხმებულ მანძილზე უფრო ახლოს.
  • ამ ინიციატივაში მონაწილე ყველა სავაჭრო გემი ექვემდებარებოდა ინსპექტირებას თურქეთის მიერ დანიშნულ ნავსადგურებში, თურქეთის სრუტის შესასვლელ/გასასვლელში.
  • ხოლო უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ყველა აქტივობა უკრაინის უფლებამოსილებით ხორციელდებოდა.
  • შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების კონტროლი მთლიანად უკრაინულ მხარეს დარჩენოდა.
  • ხელშეკრულება ძალაში უნდა ყოფილიყო ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში და ავტომატურად განახლებულიყო, თუ არცერთი მხარე არ მიუთითებდა, რომ სურდა მისი შეწყვეტა.