უკრაინულ მედიებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც აჩენს ვარაუდს, რომ მინიმუმ 3 რუსული სამხედრო გემი დაზიანდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კუნძულ ზმეინის მცველების საკულტოდ ქცეული ფრაზა "რუსულო სამხედრო გემო, იძი ნა**ი" და რამდენიმე თვის შემდეგ ფლაგმან "მოსკოვის" ჩაძირვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური გამარჯვება იყო, რომელსაც უკრაინამ მიაღწია.

  • ამავდროულად, რუსეთი აქტიურად იყენებს ფლოტს მშვიდობიანი ქალაქების დასაბომბად, შესაბამისად, სამხედრო გემების დაზიანება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
  • თუმცა, რუსეთმა ეს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა და მარცვლეულის შეთანხმება ჩაშალა, რაც არამხოლოდ უკრაინაში არამედ მსოფლიოში ჰუმანიტარული კრიზისის ასარიდებლად უმნიშვნელოვანესი იყო.

დეტალები: 29 ოქტომბერს რუსულ და უკრაინულ მედიებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა — საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. გუბერნატორი აცხადებდა, რომ შავი ზღვის ფლოტი დრონების თავდასხმას იგერიებდა.

  • მოგვიანებით, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გაავრცელა სევასტოპოლის ნავსადგურში გადაღებული აფეთქების კადრები.
  • გერაშენკო წერდა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, 4 გემი დაზიანდა, მათ შორის, ფლაგმანი "ადმირალი გრეგოროვიჩი".
  • ეს გემი საკრუიზო რაკეტების მატარებელია და სწორედ მას იყენებდნენ რუსები ვინიცის დასაბომბად.
  • აღსანიშნია ისიც, რომ რუსული გემების დაზიანებაზე უკრაინას ოფიციალური პასუხისმგებლობა არ აუღია და არც გენერალური შტაბის დღევანდელ მონაცემებში ასახულა.

ვრცლად: რუსეთმა სევასტოპოლში თავდასხმები დაადასტურა და ამტკიცებდა, რომ უკრაინელების სამიზნე 1 გემი სამოქალაქო იყო, სხვები კი მონაწილეობენ "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

  • მათივე მტკიცებით, უკრაინამ ბრიტანელი სპეციალისტების ჩართულობით, გამოიყენა 9 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ავტომატიზებული საზღვაო დრონი, რის შედეგადაც "უმნიშვნელოდ დაზიანდა" მხოლოდ ერთი გემი — "ივან გოლუბეცი"
  • თუმცა, როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, ამ დღეს მინიმუმ 3 სამხედრო გემი, მათ შორის "ადმირალი გრეგოროვიჩი" დაზიანდა.
  • ასევე, მოხალისეთა ჯგუფის, GeoConfirmed-ის გამომძიებლებმა გავრცელებული კადრების ანალიზით დაადგინეს, რომ "ადმირალ გრეგოროვიჩს" და "ადმირალ მარაკოვს", დრონები შეეჯახა, რასაც აფეთქება მოჰყვა.
  • GeoConfirmed-ის მოსაზრებით, საერთო ჯამში, უკრაინამ გამოიყენა 6 ან 8 დრონი, რომელთაგანაც 3 გემებს შეეჯახა, 2 კი სავარაუდოდ რუსებმა გაანადგურეს.

კონტექსტი: რუსული პროპაგანდისტული მედიები, ტრადიციულად, აქტიურად იმეორებდნენ თავდაცვის სამინისტროს პოზიციას, თითქოს "ტერორისტული თავდასხმის" სამიზნე გემები მარცვლეულის შეთანხმებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ — საფუძველის შემზადების შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ შეთანხმებიდან გამოდის.

  • მაგრამ მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთის პოზიციას — მათი თქმით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ყურეში მარცვლეულის დერეფნების კონტროლი ალოგიკურია.
  • ამავდროულად, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო "ეპიკურ ტყუილს" უწოდებს რუსეთის ბრალდებებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ რუსეთმა შორსმჭვრეტელი საბაბი იპოვა, გამოსულიყო მარცვლეულის შეთანხმებიდან.