რუსეთი ამტკიცებს, თითქოს ყოველთვის მოლაპარაკებების მომხრე იყო, თუმცა დიდწილად თავად შლიდა ან აბრკოლებდა მედიაციის პროცესს მანამ, სანამ უკრაინამ ფრონტის ხაზზე წარმატებებს მიაღწია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 4 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ოფიციალურად გამორიცხა.

  • მანამდე ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებზე მზადყოფნას გამოთქვამდა და მასთან პირისპირ შეხვედრაზეც თანახმა იყო.
  • თუმცა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია გამოაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ სხვა პრეზიდენტთან.
  • პასუხად კრემლში თქვეს, რომ ზელენსკის პოზიციის შეცვლას ან უკრაინის ახალ პრეზიდენტს დაელოდებოდნენ.

კონტექსტი: რამდენიმე კვირის შემდეგ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ პუტინი "ბევრად რბილი და ღიაა მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ადრე".

  • ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლია, მთლიანად დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ სიძლიერეზე — ამიტომ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებდნენ და ამით მოლაპარაკებების მაგიდასთან გააძლიერებდნენ.
  • უკრაინას პოზიცია არ შეუცვლია, ამიტომაც რუსეთი აშშ-სთან მოლაპარაკებებს ცდილობს, მაგრამ ისე, რომ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდეს დამარცხებულის პოზიციაში.

დეტალები: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყოველთვის მზად არიან, მოუსმინონ "დასავლელ კოლეგებს", რომლებსაც აქამდე ნაციზმის წახალისებაში და ათას აბსურდულ დანაშაულში სდებდნენ ბრალს.

  • ამ "მზაობას", ტრადიციულად, წინაპირობები აქვს — ისეთი საკითხები უნდა შესთავაზონ, რომელიც სრულად გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და უსაფრთხოებას.
  • ამავდროულად, ლავროვი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს მოლაპარაკებების სურვილი დასავლეთიდან მოდის და ისინი კეთილი ნებით დათანხმდებიან, თუ "კიდევ ერთხელ მიმართავენ თხოვნით დალაპარაკების შესახებ".
  • მისი მტკიცებით, დასავლელმა ლიდერებმა ბოლო თვეებში არაერთხელ ითხოვეს საუბარი ვლადიმერ პუტინთან, რასაც ყოველ ჯერზე დათანხმდნენ და სულ არიან მზად, მოისმინონ წინადადებები სიტუაციის განსამუხტად.
  • პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის დიალოგისთვის საჭიროა "აშშ-ის სურვილი, მოისმინოს ჩვენი შეშფოთება, ანუ, ფაქტობრივად, აშშ-ის სურვილი დაბრუნდეს დეკემბერ-იანვრის მდგომარეობაზე".