რუსეთმა უკრაინის მასშტაბით მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმები განახორციელა, რამაც მთელ რიგ რეგიონებში ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვეტა გამოიწვია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი ღიად აღიარებს, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მის მთავარ სამიზნეებს შორისაა.

  • 10 ოქტომბრის შემდეგ, აგრესორმა 300-ზე მეტი დარტყმა განახორციელა უკრაინის ელექტროსადგურებზე, რითაც ქვეყნის ენერგო გამომუშავების დაახლოებით მესამედი გაანადგურა.
  • ენერგოსისტემებზე მასიური თავდასხმის შემდეგ, ქვეყანაში ელექტროენერგიის გადაუდებელი შეწყვეტა მოხდება, განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ.
  • დაზვერვის კონფლიქტის ჯგუფის ექსპერტის, კირილ მიხაილოვის შეფასებით, ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ ჯდება ომის ლოგიკაში და ეს რუსეთის მცდელობაა ჰუმანიტარული კატასტროფა მიაყენოს მშვიდობიან მოსახლეობას.
  • გაუარესებული ამინდის და ყინვების პირობებში, პუტინი იმედოვნებს, რომ ამ გზით მოახერხებს უკრაინის დანებებას.

დეტალები: ოკუპანტებმა ენერგო ინფრასტრუქტურას დაარტყეს კიევში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჩერნივცის ოლქებში.

  • ზაპოროჟიის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ქალაქი ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
  • ხარკოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ხარკოვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა C-300 რაკეტების გამოყენებით ბელგოროდიდან განხორციელდა.
  • ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ლვოვის თავზე რაკეტები ჩამოაგდეს.
  • უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იჰნატმა განაცხადა, რომ შეტევის განსახორციელებლად რუსეთმა სტრატეგიული ბომბდამშენები გამოიყენა.

კიევი: უკრაინის დედაქალაქზე დღეს სულ მცირე ორი საჰაერო შეტევა მოხდა.

  • კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეწყვეტილია.
  • რუსულმა ძალებმა დააზიანეს ენერგო ობიექტი, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა 350 000 ბინას.

პარალელურად: პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ბრძოლა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

  • ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ "რუსი დამარცხებულები აგრძელებენ ბრძოლას მშვიდობიანი ობიექტების წინააღმდეგ".
  • 31 ოქტომბერს უკრაინაში გასროლილი 55 რაკეტიდან 44 ჩამოაგდეს.