მარსის ხსენებაზე, როგორც წესი, მშრალი და მტვრიანი პლანეტა წარმოგვიდგება თვალწინ. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, 3.5 მილიარდი წლის წინ წითელ პლანეტაზე უზარმაზარი ოკეანე არსებობდა, რომელიც, სავარაუდოდ, ასობით ათას კვადრატულ კილომეტრზე გახლდათ გადაჭიმული. მათი ნაშრომი გამოცემაში Journal of Geophysical Research: Planets and Nature Geoscience გამოქვეყნდა.

კერძოდ, კვლევის ავტორთა მტკიცებით, მათ სანაპირო ხაზის "საბოლოო" მტკიცებულებას მიაგნეს. ოკეანის არსებობაზე, კერძოდ, ის ფაქტი მიანიშნებს, რომ დაგროვილი დანალექი დაახლოებით 914 მეტრი სისქისაა, რაც სწორედ ოკეანის სანაპირო ხაზის აკუმულაციას შეესატყვისება.

"დედამიწაზე წყლის ისტორიას დროთა განმავლობაში დაგროვილი ნალექის საშუალებით ვადგენთ", — აცხადებს ბენჯამინ კარდენასი, კვლევის მთავარი ავტორი და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი — "ამას სტრატიგრაფიას ვუწოდებთ. წყალს ნალექი გადააქვს, დედამიწაზე მომხდარი ცვლილებების შეფასება კი ნალექის დაგროვების მიხედვით შეიძლება. სწორედ ეს გავაკეთეთ — თუმცა მარსის შემთხვევაში".

მეცნიერის თქმით, გუნდმა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიერ შექმნილი პროგრამა გამოიყენა და მას NASA-სა და მისი Mars Orbiter Laser Altimeter-ის მიერ მოპოვებული მონაცემები მიაწოდა.

სწორედ აქედან მათ დაახლოებით 6 400 კილომეტრი სიგრძის ამობურცული ზოლები აღმოაჩინეს, რომლებიც უძველესი მდინარეებიდან შემორჩა. შემდეგ მათ ისინი 20 სისტემად დაყვეს, დინების მიმართულებათა შეფასება გამოიყენეს და დაადგინეს, რომ, სინამდვილეში, ეს არა მდინარის ნიშნები, არამედ უძველესი სანაპირო ხაზის კვალია. მეცნიერები ოკეანის არსებობის მოსაზრებას ამით და ნალექის დაგროვების ფაქტით ამყარებენ.

თავისთავად, თუ მარსზე ადრე ოკეანეები იყო, არც ის იქნება გამორიცხული, რომ ერთ დროს იქ სიცოცხლესაც ეარსება.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ ამ მასშტაბის ოკეანის არსებობა სიცოცხლის უფრო მეტ პოტენციალზე მიუთითებს", — დასძენს კარდენასი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.