ქსენია ბოროდინა, რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანი საქართველოში 3 ნოემბერს ჩამოვიდა და როგორც ფორმულასთან აღნიშნა, საზღვარზე "გულითადად დახვდნენ" და "პრობლემები არ შეჰქმნია".

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოროდინას დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი და ადასტურებს, რომ "დასასვენებლად" აფხაზეთში იმყოფებოდა.

  • ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
  • ტელეწამყვანის განმარტებით, საქართველოს საზღვარზე არ დაინტერესებულან მისი აფხაზეთში მოგზაურობის ისტორიით.
  • ბოროდინა მხარს უჭერს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და ღიად ავრცელებს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს.

დეტალები: ბოროდინამ რუსულ მედიასთან აღნიშნა, რომ რუსეთის დატოვებას გამორიცხავს, რადგან საკუთარ თავს ვერცერთ სხვა ქვეყანაში ვერ ხედავს და საზღვარგარეთ მხოლოდ დასვენებით და მოგზაურობებით შემოიფარგლება.

  • საქართველოს იგი შვებულების გასატარებლად ეწვია, რომლის ამსახველ ფოტოებსაც ინსტაგრამზე აქვეყნებს.

სამოქალაქო პოზიციები: რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, ბოროდინამ საკუთარი ინიციატივებით და ფინანსებით რუსი ჯარისკაცებისთვის ფრონტზე რეზინის ჩექმების და ფანრების გაგზავნა დაიწყო.

  • ასევე რეზონანსული იყო ტელეწამყვანის მიერ რუსულ ტანკებთან მოწყობილი ფოტოსესია, სადაც ის ამაყად აღნიშნავდა, რომ თავადაც შეუძლია ტანკის მართვა.
  • ბოროდინა აღნიშნავს, რომ ამჯობინებს რუსეთ-უკრაინის ომზე საჯარო განცხადებები არ გააკეთოს, რადგან ინფორმაციულ ომში ტყუილ-მართლის გარჩევა უჭირს.
  • თუმცა, ტელეწამყვანი აქტიურად აკრიტიკებს რუსული შოუ-ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც უკრაინელ ხალხს ეხმარებიან.