ევროპარლამენტარების წერილში ნათქვამია, რომ საქართველო აღიქმება ქვეყნად, სადაც შესაძლებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დღეს, 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვა.

  • გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში — ე.წ. რეკლამის გაყიდვისა და ავტომანქანის საქმეებზე.
  • NGO-ების განცხადებით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ომბუდსმენი კი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.
  • აშშ-ის საელჩომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უკვე შეაფასა და თქვა, რომ გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს.

დეტალები: წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი, ჯოზას ოლეკასი, მირიამ ლექსმანი, დეის მელბარდე, ანა ფოტიგა, ბერნადრ გუეტა, ანდრეი კოვაჩევი, აუშრა მალდეიკიენე, პიტერ პოლაკი, კარლო ფიდანზა, რაფაელ გლუკსმანი.

  • "ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ იკისრებთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში", — წერენ ევროპარლამენტარები.

შეწყალება: ოპოზიციის ნაწილმა უკვე საჯაროდ მოითხოვა პრეზიდენტისგან, შეიწყალოს ნიკა გვარამია. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თუ ზურაბიშვილის სიტყვები არ არის ლიტონი, თუ ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი

  • "გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას", — ამბობს მელია.
  • ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა.