პრეზიდენტმა ეს კომენტარი სამშაბათს შუშაში [შუში] გამოსვლისას გააკეთა, ომის დამთავრების მეორე წლისთავამდე ერთი დღით ადრე. გამარჯვების დღის აღნიშვნის ცერემონიას აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტა ესწრებოდა. ღონისძიებაში შეიარაღებული ძალებიც მონაწილეობდნენ.

"ჩვენ არავის გვეშინია, რომ გვეშინოდეს, ყარაბაღის მეორე ომს არასდროს დავიწყებდით", — დაიკვეხნა ალიევმა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ღიად აღიარა 44-დღიანი ომის დაწყება. 2020 წლის 27 სექტემბერს, ომის დაწყებისთანავე, აზერბაიჯანმა სომხური ძალები ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა.

სამშაბათს, თავის გამოსვლაში ალიევმა განაგრძო მუქარა სომხეთის მისამართით, მთიანი ყარაბაღიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანაში სავარაუდო მარცხის გამო.

"ჩვენი მოთმინება არ არის უსაზღვრო და კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო [სომხეთი], თუ ეს ვალდებულება არ შესრულდება, აზერბაიჯანი საჭირო ნაბიჯებს გადადგამს", — განაცხადა ალიევმა.

მან კიდევ ერთხელ მოითხოვა ზანგეზურის დერეფნის გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელმაც დაასრულა ომი, მოიცავდა რეგიონში სატრანსპორტო კავშირების ხელახლა გახსნას, მათ შორის, დასავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ექსკლავას შორის კავშირს.

"სომხეთმა აიღო პასუხისმგებლობა ზანგეზურის დერეფანზე. ორი წელია, არ შევხებივართ სომხეთიდან ყარაბაღში და ლაჩინის გზაზე უკან მიმავალ მანქანებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ გადაადგილებას", — განაცხადა ალიევმა.

"სომხეთმა ასევე აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს საგზაო კავშირი აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. გავიდა ორი წელი და არ არის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, არც ტრანსპორტი, არც რკინიგზა, არც გზატკეცილი. როდემდე უნდა ველოდოთ?!"

ოთხშაბათს სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ედუარდ აღაჯანიანმა განაცხადა, რომ ალიევის კომენტარები სატრანსპორტო კავშირების შესახებ არ უკავშირდება ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

"ილჰამ ალიევის ბოლო დესტრუქციული განცხადებები არ უნდა იყოს დაკავშირებული ვაშინგტონში ან სოჭში გამართულ მოლაპარაკებებთან", — განაცხადა მან.

"აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ ყოფილა კონსტრუქციული მოლაპარაკებების მთელ კონტექსტში, განსაკუთრებით კი ომის შემდეგ პერიოდში", — დასძინა მან.

პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მომხდარ შეტაკებებს, რომლებიც, მისი თქმით, იყო პასუხი "სომხეთის პროვოკაციებზე".

"13-14 სექტემბრის ოპერაციის შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები განლაგებულია მთავარ სტრატეგიულ სიმაღლეებზე აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის მიმართულებით. სომხეთმა კარგად უნდა გაიგოს, რას ნიშნავს ეს", — განაცხადა ალიევმა.

შეტაკების დროს აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე რამდენიმე პოზიცია დაიკავა. მიუხედავად აზერბაიჯანის მტკიცებისა, რომ სომხეთმა ბოლო ბრძოლები სექტემბერში დაიწყო, დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ და საფრანგეთმა, პირდაპირ დაადანაშაულა აზერბაიჯანი.

თავის ვრცელ გამოსვლაში, ალიევი რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა წააგო პირველი მთიანი ყარაბაღის ომი მაშინდელი პოლიტიკური ლიდერების დაუდევრობის და ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობის გამო.

"იმ დროს ანტიეროვნულმა ელემენტებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, იბრძოდნენ ძალაუფლებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის. მათ სომხეთს გადასცეს აუღებელი ციხე-სიმაგრის მსგავსი შუშა და ამით მოვიდნენ ხელისუფლებაში", — თქვა ალიევმა.

ასევე, ალიევმა ისაუბრა ირანის მიერ აზერბაიჯანის საზღვარზე გამართულ ბოლო სამხედრო წვრთნებზე.

"ჩვენმა არმიამ [მთიანი ყარაბაღის მეორე მსოფლიო ომში] გამოიჩინა გმირობა, პროფესიონალიზმი და თავგანწირვა. საჭიროების შემთხვევაში, ამას კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ. ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც გვინდა. ეს ყველამ იცის და ვინც ჩვენს საზღვარზე სომხეთის მხარდასაჭერად სამხედრო წვრთნებს ატარებს, მათაც უნდა იცოდნენ, რომ ვერავინ შეგვაშინებს", — თქვა ალიევმა.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.