დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი ჯარების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანა დაასრულეს. მოგვიანებით კი უკრაინულ მედიებზე გავრცელდა არაერთი ფოტო-ვიდეო, რომლებშიც ჩანს, როგორ შედიან უკრაინელი სამხედროები გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხერსონი სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობის ქალაქია, რომლის ოკუპაცია რუსულმა ჯარებმა ჯერ კიდევ ომის დასაწყისშივე მოახდინეს.

  • 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ "რთული გადაწყვეტილება" მიიღო და ხერსონიდან სამხედრო ტექნიკის და პერსონალის გაყვანის ბრძანება გასცა.
  • გენერალ სუროვიკინის განმარტებით, გადაწყვიტეს თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, მეტწილად რუსი სამხედროების "სიცოცხლის გადარჩენას მიზნით".
  • შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხერსონის ანექსია გამოაცხადა და საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს — ამიტომ ჯარების გაყვანა "საკუთარი" ტერიტორიის დათმობას ნიშნავს.
  • უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები განმარტავენ, რომ რუსები ხერსონს კი არ ტოვებენ, ისინი გააძევეს.

დეტალები: რუსეთის პროპაგანდისტული მედიების ცნობით, ხერსონის დატოვებისას, არც ერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა მარჯვენა სანაპიროზე, ტერიტორია კი დატოვა ყველა რუსმა სამხედრომ.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, რუსები სამარცხვინოდ გარბიან ბრძოლის ველიდან და შურისძიების მიზნით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ.
  • მათ ანტონოვსკას და იქვე მდებარე სარკინიგზო ხიდიც ააფეთქეს და ფეხით გააგრძელეს გზა დნეპრის მარცხენა ნაპირისკენ.
  • ხიდის აფეთქებით ოკუპანტებმა უკან დასაბრუნებელი გზა მოიჭრეს და თან სცადეს, ხელი შეეშალათ უკარაინელების წინსვლისთვის, რომლებიც ეტაპობრივად ამყარებენ კონტროლს ოლქზე.

გათავისუფლებულ ქალაქში უკრაინელ ჯარისკაცებს ოვაციებით და შეძახილებით ხვდებიან.

  • მოქალაქეები მადლობას უხდიან მებრძოლებს და ეუბნებიან, რომ იმედი ჰქონდათ და ელოდნენ.
  • "დიდება უკრაინას, დიდება ერს, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს" — სკანდირებენ ისინი.

შეფასებები: ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, "შთამაგონებელია იმის დანახვა, რომ მამაც უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლება"

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, "უკრაინის დიდი გამარჯვება, რომელიც ხერსონის ოლქში გრძელდება, უკანასკნელი არ იქნება".
  • "ბრძოლა სამხრეთის ღერძზე გაგრძელდება, დონეცკის ოლქში, ბახმუტში (ერთადერთი ადგილი, სადაც რუსული ძალები ჯერ კიდევ ცდილობენ მნიშვნელოვანი შეტევებს), ხოლო ჩრდილოეთ ლუგანსკის ოლქში უკრაინის ძალები აგრძელებენ კონტრშეტევის ოპერაციებს," — წერს ISW.