სასამართლომ სიკვდილით დასჯის პირველი განაჩენი გამოიტანა მოქალაქის მიმართ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტის გამო დააკავეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პროტესტი და გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა. ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა.

  • თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.
  • მომიტინგეები ითხოვენ ირანის ხელმძღვანელობის შეცვლას — საპროტესტო აქციებს ხელისუფლება ძალადობით შეხვდა და მონაწილეთათვის მკაცრი სასჯელი მოითხოვა.

დეტალები: ირანის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი კვირას გამოიტანა.

  • აქციის მონაწილეს ბრალი ედებოდა სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებასა და "ღვთის წინააღმდეგ ომში", ასევე, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებებში.
  • კიდევ ერთმა სასამართლომ 5-დან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 5 პირს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან და საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული მუხლებით გაასამართლეს.
  • უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ეს არის მოჩვენებითი სასამართლო პროცესები, სადაც დაკავებულებს ხშირად აიძულებენ ყალბი ჩვენებების მიცემას მოგონილი მტკიცებულებების საფუძველზე.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, თითქმის ორთვიანი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების შედეგად, 15 000-ზე მეტი ირანელი დააკავეს და რამდენიმე ასეული მოკლეს.

  • როდესაც ირანში პოლიტპატიმრებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ, ისინი ყოველთვის არ სრულდება და ზოგჯერ შეიძლება შეიცვალოს.
  • თუმცა რისკი რეალურია — 2021 წელს ირანმა სიკვდილით დასაჯა მინიმუმ 314 ადამიანი.