ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: NATO-ს წევრ პოლონეთში ორი რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სხვადასხვა, მათ შორის, ადგილობრივმა მედიებმა გაავრცელეს.

  • მომხდარს გამოეხმაურნენ როგორც უკრაინის, ასევე, საერთაშორისო მსოფლიო ლიდერები.

მიულერის თქმით, პოლონეთი სამხედრო მზადყოფნას ზრდის. ასევე, ამოწმებს, საჭიროა თუ არა, NATO-ს მეოთხე მუხლის ამოქმედება.

  • NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სიტუაციას აკვირდებიან და მოკავშირეებთან მჭიდრო კომუნიკაციაში არიან.
  • მისივე თქმით, პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ესაუბრა და დაღუპულების გამო მიუსამძიმრა.

NATO-ს მე-4 მუხლი: ის მოიცავს შემთხვევას, როდესაც წევრი სახელმწიფო ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნის ან ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

  • წევრი ქვეყნები იწყებენ კონსულტაციებს, მოლაპარაკებების დროს კი ეს საფრთხე და მასთან დაპირისპირების გზები განიხილება — გადაწყვეტილება ერთხმად მიიღება.
  • ეს მექანიზმი ალიანსის არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე ამოქმედდა.

გამოხმაურებები: ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდება კრემლის მხრიდან ძალიან საშიში ესკალაციაა.

  • ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პოლონეთს მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა და დაწერა, რომ NATO-ს მთელი ტერიტორია დაცული უნდა იყოს.
  • მომხდარს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო უწყება. მათი განცხადებით, ესტონეთი მზადაა, დაიცვას ალიანსის მთელი ტერიტორია.
  • ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაიმ კი დაღუპულების გამო პოლონეთს მიუსამძიმრა და რუსეთს კიდევ ერთხელ უწოდა ტერორისტული სახელმწიფო.
  • "დღეს ის მოხდა, რაზეც დიდი ხანი ვაფრთხილებდით ყველას", — ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი მომხდარს.