გამოცემა დოჟდის ინფორმაციით, Pussy Riot-ის წევრი ნიკა ნიკულშინა, Project-ის ჟურნალისტი კატია არენინა და Mediazona-ს სარედაქციო ჟურნალისტი გალა ლატიგოვსკაია საქართველოში არ შემოუშვეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები განხორციელებული ზეწოლის გამო რუსეთს ტოვებენ.

  • რუსეთში, საქმიანობა აეკრძალა კრიტიკულ მედიებს, რომელთა თანამშრომლებს ქვეყანა უცხოეთის აგენტებად აცხადებს და თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი — 443 600 ადამიანი, საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.

კატია არენინას თქმით, ის საზღვარზე გადასვლას 14 ნოემბერს ცდილობდა.

  • "პასპორტი ჩავაბარე, თანამშრომელმა კომპიუტერში რაღაც ნახა და 10 წუთი ჩუმად იყო", — ამბობს ჟურნალისტი.
  • არენინას თქმით, მას სხვა მესაზღვრე მიუახლოვდა და შესვლის აკრძალვის შესახებ ცნობა შემდეგი სიტყვებით გადასცა: "ეკატერინა, ჩვენ უარს გიცხადებთ საქართველოში შესვლაზე. ჩვენი საუბარი ჩაწერილია — სხვას ვერაფერს აგიხსნით".
  • უარის თქმის დასაბუთების სვეტში "სხვა მიზეზები" იყო მითითებული.

ნიკულშინას განცხადებით, ის საქართველოში 1 ნოემბერს არ შემოუშვეს.

  • მან საზღვარზე ორი საათი დაყო და შესვლაზე უარი არანაირად არ იყო დასაბუთებული.
  • ნიკულშინას აქვს ექვსთვიანი ბინის ქირავნობის ხელშეკრულება საქართველოში.

გალა ლატიგოვსკაიას ცნობით, 2 ნოემბერს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.

  • ჟურნალისტის განმარტებით, 50 წუთი გაატარა საზღვრის კონტროლზე, რის შემდეგაც უცხო პირი მიუახლოვდა და აცნობა, რომ ახლავე უნდა წასულიყო უკან.

On.ge დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს დაუკავშირდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

  • დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მედიასთან ისაუბრა იმ ძირითად მიზეზებზე, რის გამოც პირებს საქართველოს საზღვრის კვეთა ეკრძალებათ.
  • "სხვადასხვა უწყებებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის პირები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან ქვეყნის უსაფრთხოებას, ხდება მათთვის უარის თქმა და საზღვრიდან გაბრუნება", — განმარტა დარახველიძემ.

გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი კიდევ სამ ჟურნალისტსა და აქტივისტს ეთქვა.

  • მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში ან უძრავ ქონებას ქირაობენ.