ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში აშშ-ის ნაკრებმა გადაწყვიტა, ლგბტქ თემისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა და საკუთარი ლოგო შეეცვალა. ლოგოზე, რომელზეც, როგორც წესი, შვიდი წითელი ზოლია ხოლმე გამოსახული, ამჯერად ცისარტყელას ფერები აღმოჩნდა.

მსოფლიო ჩემპიონატს წელს კატარი მასპინძლობს. მასშტაბური სპორტული ღონისძიების მოახლოებასთან ერთად, აქტიურად განიხილავენ და აკრიტიკებენ ქვეყნის შიდა პოლიტიკას და მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას სახელმწიფოში.

აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა კი ლოგოს შეცვლის გადაწყვეტილება 2020 წელს წამოწყებული კამპანიის ფარგლებში მიიღო. კამპანია, სახელწოდებით Be The Change ("იყავი ცვლილება") სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებასა და რეაგირებისკენ მოწოდებას ისახავს მიზნად.

ფოტო: Getty Images

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი წელს პირველად იმართება შუა აღმოსავლეთის ქვეყანაში. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყველა გულშემატკივარს უმასპინძლებენ, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა და წარმომავლობისა, თუმცა, ამასთან, ქვიარ ადამიანებს აფრთხილებენ და იდენტობის საჯაროდ გამომჟღავნებას არ ურჩევენ.

ჩემპიონატში მონაწილე არაერთმა მოთამაშემ უკვე გაუსვა ხაზი ღონისძიებაზე ჩასული ლგბტქ და ქალი ფანების უსაფრთხოების საკითხს. მათი თქმით, კატარის კანონმდებლობა ადამიანთა ამ ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულია. სხვათა შორის, სწორედ კატარის დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, ფეხბურთის ზოგიერთმა გულშემატკივარმა ჩემპიონატზე დასასწრებად ქვეყანაში ჩასვლაზე უარი თქვა.

აშშ-ის ნაკრებში კი ამატებენ, რომ ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი ლოგო და გუნდის სიმბოლიკა გამოტანილი იქნება როგორც მედიასთან შეხვედრებზე, ასევე სასტუმროში, სადაც სპორტსმენები განთავსდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.