ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, რუსი ოფიციალური პირები ემზადებიან ფარული მობილიზაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საშემოდგომო გაწვევის ციკლი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.

  • მობილიზაციის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, რაც არაერთხელ გაშუქდა მედიაში — გამოუცდელი და გამოცდილი პირები შესაბამისი მომზადების, აღჭურვილობისა და ტექნიკის გარეშე გაუშვეს ფრონტზე.
  • მობილიზაციის გამოცხადებამდე, რუსეთი უარყოფდა და ცდილობდა დაემალა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე პრობლემები ჰქონდა და პერსონალის დიდი დანაკლისი განიცადა.
  • 28 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა.

დეტალები: ISW აღნიშნავს, რომ ფარული მობილიზაციის გაგრძელება და მობილიზაციის ახალი ტალღისთვის მზადება, სავარაუდოდ, უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი რუსული ჯარების ბრძოლისუნარიანობის ხარისხს გააუარესებს.

  • "ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს კიდევ უფრო დაბალი ხარისხის მომზადებას, როგორც მობილიზებული ახალწვეულებისთვის, ასევე, წვევამდელებისთვის".
  • "ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერები დამატებით ავრცელებენ ცნობებს, რომ დეკემბერში ან იანვარში დაიწყება".

ISW მიუთითებს, რომ დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემებმა 18 ნოემბერს გამოაქვეყნეს გამოძიება, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში მობილიზაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კურსებზე თანამშრომლების მომზადებას გაგრძელებას ადასტურებს.

  • "სხვა რუსულმა გამოცემამ აღნიშნა, რომ მოსკოვის ერთ-ერთი ოლქის სამხედრო სასამართლომ უნებლიედ დაადასტურა, რომ ფორმალური დასრულების მიუხედავად, მობილიზაცია გრძელდება".
  • კერძოდ, ISW წერს, რომ სასამართლომ 13 ნოემბერს ერთ-ერთ სამხედროს თავისი მეთაურის ცემაში დასდო ბრალი.
  • სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს "სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან მობილიზაციის პერიოდში ამ მოვალეობის შესრულებასთან კავშირში" მოხდა.