Balenciaga-ს სადღესასწაულო კამპანიამ, რომლის გამოც ბრენდი ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს, საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დემნას Global VOICES-ის ჯილდო აღარ გადაეცემა.

2022 წლის BoF VOICES-ზე დემნასთვის მოდისა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენის გამო ჯილდო უნდა გადაეცათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოცემამ ახალი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ დემნა ჯილდოს ვეღარ მიიღებს.

BoF-ის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ Balenciaga-ს ახალ კამპანიაში ბავშვების გამოჩენა მათ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ დემნას ჯილდო აღარ გადაეცემა, BoF-მა დაჯილდოებაზე Balenciaga-ს წარმომადგენლები მაინც მიიწვია, რათა ახალი კამპანიის ფოტოების შესახებ ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ. Balenciaga-ს წარმომადგენლებმა კი მიწვევაზე უარი განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ Balenciaga-ს უახლესმა სადღესასწაულო კამპანიამ საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ვინაიდან ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობდნენ, ხოლო დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა ეცვათ, რაც ბევრისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება.

Balenciaga-მ აღნიშნული კამპანიის გამო ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა და დაწერა: "გულწრფელად გიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი სათამაშო დათვების ჩანთები კამპანიაში ბავშვებთან ერთად არ უნდა გამოჩენილიყო. კამპანია ყველა პლატფორმიდან დაუყოვნებლივ წავშალეთ".

ბრენდის განცხადებით, სანამ მომხდარ ინციდენტს ბოლომდე გამოიძიებენ, აპირებენ, რომ ორგანიზაციის შიდა სტრუქტურებს გადახედონ და ერთად მუშაობის ახალი გზები შეიმუშაონ. ასევე მათი სურვილია, აქტიურად ითანამშრომლონ ორგანიზაციებთან, რომლებიც ბავშვთა მიმართ ძალადობას და ნებისმიერი სახის ექსპლუატაციას ებრძვიან.