30 ნოემბერს ესპანეთში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც გავრცელდა არაერთი ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებაში ფეთქებადი ამანათის დაგზავნის შესახებ. მედია განვითარებულ მოვლენებს საფოსტო ტერორს უწოდებს.

რა ვიცით: არსებული ინფორმაციით, უკრაინის საელჩოში აფეთქდა ამანათი, რომელიც ელჩისთვის იყო განკუთვნილი.

  • საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ თქვა, რომ დაშავდა 1 თანამშრომელი, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • Reuters სამართალდამცავებზე დარყდნობით წერს, რომ ის დაცვის თანამშრომელია და თითი დაუზიანდა, როცა ფეთქებადი ამანათი საელჩოს ბაღში გახსნა.
  • მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, აფეთქების დღეს კიდევ ორმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო წერილები "ძალიან კონკრეტული მუქარით".

  • მას არ უთქვამს რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ წერილებში სიმბოლური მუქარა იყო და წითელ სითხეს შეიცავდა.

გარდა ამისა, ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეში ასაფეთქებელი გაუგზავნეს ქვეყნის პრემიერმინისტრს, თავდაცვის მინისტრს და მიიტანეს აშშ-ის საელჩოშიც.

  • როგორც Euronews წერს, ესპანეთის პრემიერისთვის გაგზავნილი პიროტექნიკური მასალის შემცველი კონვერტი 24 ნოემბერს უშიშროების სამსახურებმა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს.
  • ამანათი, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობით მიიღო ესპანურმა კომპანიამ, რომლის წარმოებულ იარაღსაც ესპანეთის მთავრობა უკრაინაში გზავნის.
  • CNN-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 6 ასაფეთქებელი მოწყობილობის გაგზავნაზე აქვთ ინფორმაცია, მათგან ბოლო აშშ-ის საელჩოში გაგზავნეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კულება აცხადებს, რომ ეს ტერორის ახალი ფორმაა და ესპანეთის ხელისუფლებასთან ერთად მუშაობენ, რომ გაარკვიონ, ვინ დგას ამის უკან.

  • მისივე თქმით, აქვთ მოსაზრება, ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე.
  • "ერთ მარტივ დასკვნას გამოვიტან: თუ უკვე დაიწყეს თავდასხმა საელჩოებზე, ბომბებით, რაღაც სატანისტური ან ვუდუ სიმბოლოებით, მაშინ ჩვენი ეშინიათ, ცდილობენ ჩვენს შეჩერებას. მაგრამ არაფერი გაგვაჩერებს", — აღნიშნა მან.
  • უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კი ღიად განაცხადა, რომ პასუხისმგებელი "ტერორისტი სახელმწიფო" ანუ რუსეთია.
  • ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა თქვა, რომ არც ფეთქებადი წერილების გაგზავნა და არც სხვა ძალადობრივი ქმედება არ შეცვლის ესპანეთის "მტკიცე და მკაფიო" ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას.