საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატა ქორიძე წერს, რომ სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც ქორიძე აღნიშნავს, დამსაქმებელმა განუცხადა, რომ რეორგანიზაციის შედეგად სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია უქმდება.

  • "ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა", — წერს ქორიძე.
  • ქორიძე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცოლია. პოლიტიკოსის თქმით, მოტივები პოლიტიკურია — "აქამდე ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ სამ წლამდე ბავშვი თუ გყავს, სამ წლამდე სამსახურიდან ვერ გიშვებენ ვერც რეორგანიზაციის მიზეზით".

დეტალები: ქორიძის თქმით, სამინისტროში 17 წელი მუშაობდა.

  • "საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მოვედი, ატაშეს (ყველაზე დაბალი დიპლომატიური პოსტი) პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით";
  • "ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე: ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი — ნატოში ინტეგრაციაზე";
  • "დიდი ბედნიერებაა როცა მუშაობ რაღაც დიდი მიზნის მისაღწევად, რომლისაც გჯერა მთელი გულით, და გრძნობ, რომ შენი ცოდნა, უნარები და გამოცდილება შეგიძლია მოახმარო ამ მიზანს. და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც გრძნობ რომ ამ ცოდნის და გამოცდილების გამოყენებაზე მოთხოვნა არსებობს", — ამბობს ის.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, არ ფიქრობდა, რომ მისი საქმიანობა ასე დასრულდებოდა სამინისტროში.

  • "ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა რომ ჩემი ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა მინდა", — წერს ის.

On.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა.

  • პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.