ქართულ ოცნებაში განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც მმართველი გუნდი ოპოზიციამ და საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 3 დეკემბერს, ბახმუტში ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

  • 5 დეკემბრის დილამდე სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური თანამდებობის პირებს შორის ერთადერთი იყო, ვინც მომხდარს გამოეხმაურა.
  • გუშინ, 4 დეკემბერს იმედის ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ, ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ოპოზიცია ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს, რაც მას და მის თანაგუნდელებს "ბოჭავთ", რომ ამ თემაზე ისაუბრონ და მეორე მხარეს "პოლიტიკურ ასპექტში დაუპირისპირდნენ".
  • პრემიერმინისტრსა და მთავრობას სამძიმარი ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.

დეტალები: დაღუპულთა ოჯახებსა და "სრულიად საქართველოს" სამძიმარი დღეს პირველმა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალმა პაპუაშვილმა გამოუცხადა.

  • "ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია", — განაცხადა მან.
  • ფორუმზე — "მამაცი და ერთიანი: დახმარების ფორმულა" სამძიმარი გამოხატა არჩილ თალაკვაძემაც.
  • "რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი, რომელიც დავკარგეთ ჩვენთვის არის ძალიან ღირებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაიღუპნენ", — განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა.

სამძიმრით დაიწყო საუბარი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ.

  • "მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ჩვენი თანამემამულეების დაღუპვასთან დაკავშირებით უკრაინაში. თითოეული ადამიანის დაღუპვა არის ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია და ამ მძიმე ჟამს ჩვენ თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რომელსაც განიცდიან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო", — თქვა მან.

ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლაში უკვე 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.