ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციამ და საზოგადოებამ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს დუმილის გამო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 3 დეკემბერს, ბახმუტში ოკუპანტებთან ბრძოლისას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

  • 5 დეკემბრის დილამდე სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური თანამდებობის პირებს შორის ერთადერთი იყო, ვინც მომხდარს გამოეხმაურა.
  • გუშინ, 4 დეკემბერს იმედის ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ, ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ოპოზიცია ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს, რაც მას და მის თანაგუნდელებს "ბოჭავთ", რომ ამ თემაზე ისაუბრონ და მეორე მხარეს "პოლიტიკურ ასპექტში დაუპირისპირდნენ".

დეტალები: ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და ყურადღება იმაზე გაამახვილა, რას აკეთებს მთავრობა დაღუპულთა გადმოსვენებისა და დაკრძალვის პროცესში.

  • "ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, დიდი დანაკლისი. უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ტრაგედია".
  • "საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რა როლი აქვს ხელისუფლებას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ განვმარტო: ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით. ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა", — თქვა მან.
  • თუმცა, პრემიერმინისტრს არ უხსენებია, რომ მთავრობის 2016 წლის დადგენილებით, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს ისედაც სახელმწიფო ანაზღაურებს.
  • პრემიერმინისტრის თქმით, მათ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლი ღირსეულად, სამხედრო პატივით დაკრძალეს, თუმცა, ასევე, არ აღუნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არცერთ პროცესს არ დასწრებიან.
  • "ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარი პიარის გარეშე", — თქვა მან.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ტრადიციულად, ოპოზიცია გააკრიტიკა, საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს "მათი ქცევა" შეახსენა და ენმ "მეორე ფრონტის" გახსნაში დაადანაშაულა.

  • "ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ თავად. ე.წ. მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული", — თქვა მან.
  • პრემიერმინისტრის განცხადებით, უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანა სწორედ ოპოზიციის ორგანიზებულია და "ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები" ამ თემით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ.
  • "ე.წ. ომის და გამყიდველების პარტია დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებული არის ახლაც ამ ადამიანების... სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული ჩვენი მთავრობის მიერ", — განაცხადა ღარიბაშვილმა.