საერთაშორისო მედიები წერენ, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამინეის დის წერილი, შვილმა გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ირანში პროტესტი და გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა. ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა.

  • ირანის რეჟიმი დემონსტრანტებს მკაცრად უსწორდება, არსებული ინფორმაციით 15 000-ზე მეტი ირანელი დააკავეს და რამდენიმე ასეული მოკლეს.
  • სულ მცირე, 21 დემონსტრანტს ამჟამად სიკვდილით დასჯა ემუქრება, ხოლო ექვსს უკვე აქვს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი.

დეტალები: Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ლიდერის და გმობს ხამენეის მმართველობას და გვარდიას განიარაღებისკენ მოუწოდებს.

  • ბადრი ჰოსეინი ხამენეი ამბობს, რომ ძმის "დესპოტურ ხალიფატს" ტანჯვის გარდა არაფერი მოუტანია.
  • აღნიშნავს, რომ თავადაც შეუერთდებოდა აქციებს ჯანმრთელობა ხელს რომ უწყობდეს.
  • "ვფიქრობ, ახლა მიზანშეწონილია ვთქვა, რომ ვეწინააღმდეგები ჩემი ძმის ქმედებებს და თანავუგრძნობ ყველა დედას, რომელიც გლოვობს ისლამური რესპუბლიკის დანაშაულებს", — წერს ის.
  • The Guardian წერს, რომ ბადრი ჰოსეინ ხამენეის თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა რეჟიმთან.

არქივიდან: ნოემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის დისშვილი რეჟიმის კრიტიკის გამო დააკავეს.

  • ფარიდე მორადხანმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა შეეწყვიტათ კავშირი ირანის რეჟიმთან.
  • მორადხანის ძმის, მაჰმუდ მორადხანის განცხადებით, ის 23 ოქტომბერს დააკავეს, როდესაც პროკურატურაში სასამართლოს ბრძანების საპასუხოდ მივიდა.

გაერომ გადაწყვიტა, შექმნას ახალი საგამოძიებო მისია, რომელიც ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას გამოიძიებს.

  • ირანის უსაფრთხოების ძალების ძალადობრივმა ქმედებებმა მომიტინგეების მიმართ შეარყია დიპლომატიური ურთიერთობები თეირანსა და დასავლელ ლიდერებს შორის.