როცა ოქსფორდის წლის სიტყვად 2022 წლის მიწურულს "გობლინის რეჟიმი" დასახელდა, ადამიანთა ნაწილმა ამ ფრაზის მნიშვნელობა სწორედ მაშინ გაიგო. ზოგმა მიიჩნია, რომ ტერმინს ნეგატიური კონოტაცია აქვს, რადგან ცხოვრების ჰედონისტურ წესს აღნიშნავს. არადა, გობლინის რეჟიმში ყოფნა, რეალურად, საზოგადოების მიერ დაწესებული ჩარჩოების გარღვევაა — იმაზე ფიქრის შეწყვეტა, თუ რას იტყვის, იფიქრებს ან მოელის ხალხი.

ხალხი კი, სიმართლე ითქვას, ჩვენგან არცთუ მცირეს მოელის. სოციალური ქსელის ტრენდებით თუ კეთილისმსურველების რჩევებით გვკარნახობენ, როგორ ვიცხოვროთ — "როგორ აჯობებს ჩვენთვის". მოკლედ, პოზიტიურად შეფუთულს გვახვევენ თავს, რომ, მაგალითად...

1. ბავშვობიდანვე დატვირთულები უნდა ვიყოთ

ფოტო: Giphy

მუსიკალური სასწავლებელი თუ თქვენც ტანჯვა-წამებით დაამთავრეთ და მას შემდეგ აღარც სოლფეჯიო გაგხსენებიათ და აღარც ფორტეპიანო, მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ. რატომღაც, ზოგიერთ მშობელსაც ჰგონია, რომ ბავშვი მაქსიმალურად დატვირთული უნდა იყოს — სკოლაზე და საშინაო დავალებებზე რომ არაფერი ვთქვათ, უნდა დადიოდეს ყველანაირ კლასგარეშე აქტივობაზე, წრეზე თუ სპორტის სახეობაზე — იმის მიუხედავად, უნდა თუ არა მას ეს.

2. არცოდნა ცოდვაა

ფოტო: Giphy

ჩემი ლექტორის, ანა კორძაია-სამადაშვილის, ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა "გულწრფელად რომ გითხრათ, ბუნდოვანი წარმოდგენაც არ მაქვს". ხომ სრულიად ბუნებრივი ამბავია, რომ ადამიანს ბევრ რამეზე არ ჰქონდეს ბუნდოვანი წარმოდგენაც კი?

აი, მე კი ამის შემჩნევისას დავფიქრდი, რამდენად იშვიათად ვამბობ ფრაზას "არ ვიცი". თითქოს ჩვენი გარშემომყოფებიც ამ ინერციით სულ მოელიან, რომ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ — მათ შორის ის, სად ვხედავთ საკუთარ თავს 10 წელიწადში.

3. კომფორტის ზონიდან ყველაფრის ფასად უნდა გამოვიდეთ

ფოტო: Giphy

კომფორტის ზონიდან გამოსვლას დრო, ენერგია, შესაფერისი მომენტი და კიდევ ბევრი სხვა გარემოების ქონა სჭირდება. ამდენად, თუკი მზად არ ხართ, რომ, მაგალითად, სიტყვით გამოხვიდეთ უზარმაზარი აუდიტორიის წინ, სულაც არაა აუცილებელი, ეს აქ და ახლა გააკეთოთ — მხოლოდ იმიტომ, რომ ამისკენ ინფლუენსერმა მოგიწოდათ.

4. თავი სამსახურებრივ როლთან უნდა გავაიგივოთ

ფოტო: Giphy

არა, ადამიანებს სულაც არ განგვსაზღვრავს ის, თუ რას ვაკეთებთ დილის 10-დან საღამოს 6-მდე. არც რეზიუმეა ცხოვრების ცენტრი, რომლის გარშემოც უნდა ვიტრიალოთ და არც სამსახურში დაწინაურება გახლავთ ჩვენი ბედნიერების ერთადერთი და შეუცვლელი ფორმულა. სამსახურის მიღმა მთელი სამყაროა აღმოსაჩენი და ამის დავიწყება არ ივარგებს.

5. არამატერიალური სარგებელი სარგებლად არ უნდა მივიჩნიოთ

ფოტო: Giphy

ეს წინა პუნქტის ერთგვარი გაგრძელებაა. თანამედროვეობაში განსაკუთრებით ხშირად ვისმენთ, როგორ ვაქციოთ "ჩვენი საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ". ამ, ერთი შეხედვით, უწყინარმა ტენდენციამ საშინლად ტოქსიკური შეხედულება დაამკვიდრა — უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ის, რაც ფულში ითარგმნება. ასეთ სამყაროში ჰობიც კი მხოლოდ იმიტომ შეიძლება გქონდეს, რომ საზოგადოებაში იმიჯი შეიქმნა.

6. მატერიალური მხარე სრულიად უნდა უგულებელვყოთ

ფოტო: Giphy

ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა. გვინდა, არ გვინდა, ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ფული არსებობის გარდა კიდევ ბევრ რამეს განსაზღვრავს. ამდენად, მატერიალური ხელშეწყობა ყველაფერს სჭირდება — განათლებასაც და სიყვარულსაც, მათ შორის. ბევრის საყვარელი გამოთქმა — "ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის" — სიმართლისგან ძალიან შორსაა.

7. როლებს და იარლიყებს უნდა მოვერგოთ

ფოტო: Giphy

პირდაპირ თუ ირიბად, ბევრი გარშემომყოფი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ ისეთივე შვილი, მოსწავლე, მშობელი, მეგობარი, პარტნიორი — როგორებიც სხვები არიან. ამ განაწილებულ როლებთან ერთად, უაპელაციოდ უნდა მივიწებოთ იარლიყები — სოციალური სტატუსის, პოლიტიკური კუთვნილების, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა ნიშნით განსასაზღვრად.

8. მხოლოდ აქტიურად უნდა დავისვენოთ

ფოტო: Giphy

სექტემბერში სკოლაში დაბრუნებისას ალბათ ბევრი ჩვენგანი წერდა თემას "როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები". თითქოს, იმ დროიდანვე გვაჩვევს საზოგადოება, რომ დასვენება მხოლოდ აქტიური შეიძლება იყოს — უნდა წავიდეთ კურორტზე, ლაშქრობაში, სულ მინიმუმ, ბებიასთან სოფელში. ეგეც რომ არა, ამ დროს წიგნები უნდა ვიკითხოთ და ვიმეცადინოთ, რათა სექტემბერს მომზადებულები შევხვდეთ.

არადა, დასვენება თავისუფალი დროის ქონის ფუფუნებას გულისხმობს; თავისუფალი დრო კი ზუსტად ისე უნდა გამოიყენოთ, როგორც მოგეხასიათებათ. აუცილებელი არაა, შვებულებაშიც "პროდუქტიული" იყოთ.

9. რაღაც კონკრეტულ ასაკამდე უნდა მოვასწროთ

ფოტო: Giphy

როგორ, 20 წლის ხარ და ჯერ უნივერსიტეტში არ ჩაგიბარებია? ვაი, ახალგაზრდობის გაფრენილო წლებო!

კარგი იქნებოდა, გაგვეაზრებინა, რომ ცხოვრება არც მიღწევების "ჩექლისტია", სადაც გაწერილია, რა უნდა გქონდეს გაკეთებული, სიტყვაზე, 30 წლამდე. ამის დასტურად ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მხატვრის, ბებია მოზესის, მაგალითი მომაქვს ხოლმე. იგი თითქმის 80 წელს მიღწეული გახლდათ, ხატვა რომ დაიწყო, მაგრამ ამერიკული ფერწერის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ და წარმატებულ ხელოვანად იქცა.

10. ზოგჯერ ტყუილში ცხოვრება უნდა ვამჯობინოთ

ფოტო: Giphy

საზოგადოება ხშირად გვეუბნება, რომ რაღაცების დამალვა ჯობს: საკუთარი გრძნობების, მენტალური მდგომარეობის, იდენტობის, ან თუნდაც შექმნილი დისკომფორტის. ასე ერთგვარ შირმას ვქმნით — ხალხს საგულდაგულოდ შეთხზულ ტყუილს ვაჩვენებთ, რომელიც, ადრე თუ გვიან, იშლება და ჩვენც გვგონია, რომ ეს სამყაროს დასასრულია.

11. სრულყოფილი ცხოვრებისთვის აუცილებლად უნდა გვყავდეს შვილი

ფოტო: Giph

სოციუმში ეს მოლოდინი უმეტესწილად ქალების მიმართ აქვთ. მასკულინურ კულტურაში ქალს უმთავრეს მიზნად დაოჯახებასა და შვილის გაჩენას უსახავენ. ასეთ საზოგადოებაში მას ეუბნებიან, რომ საკუთარი ცხოვრების სრულყოფა სხვაგვარად წარმოუდგენელია. თუმცა, რასაკვირველია, სულაც არაა საჭირო, მშობელი გახდე, რათა ბედნიერი იყო და თავის დაფასებულად იგრძნო.

12. გარეგნობისთვის უკანასკნელი გროშიც უნდა გავიღოთ

ფოტო: Gip

სილამაზის ინდუსტრია, რომელიც ზოგჯერ "თავის მოვლის" სახელით ინიღბება ხოლმე, ადამიანებს და კვლავაც განსაკუთრებით — ქალებს — ყოველთვის მოუწოდებდა, არარეალისტურ სტანდარტებს მიჰყოლოდნენ და მუდმივად ეკონტროლებინათ საკუთარი გარეგნობა. ამ ტოქსიკურმა სივრცემ დაამკვიდრა ის დამოკიდებულება, რომ ყოველი მომატებული კილოგრამი ან თმის ჭაღარა ღერი ტრაგედიაა, მის გამოსასწორებლად კი ყველაფერი უნდა გავიღოთ.

13. შესაძლებლობების ხელიდან გაშვების შიშით უარი არაფერზე უნდა ვთქვათ

ფოტო: Giphy

ობიექტურად ცუდ სამსახურში მომუშავე ახალგაზრდებს ხშირად ეუბნებიან, რას იზამ, ყველაფერი რთულად იწყება და მერე ნელ-ნელა უმჯობესდებაო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერც ამ შემთხვევაში გეტყვით სხვა, რა ჯობს თქვენთვის. თავადვე უნდა აწონ-დაწონოთ მატერიალური თუ არამატერიალური სარგებელი და გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არა შეთავაზებაზე დათანხმება.

თუმცა, ყველანაირ შეთავაზებაზე დათანხმება მხოლოდ იმის შიშით, რომ შესაძლებლობა არ დაკარგოთ, არცთუ გონივრული ნაბიჯია, ჩემი აზრით. როგორც ამბობენ, ერთი მატარებელი თუ გაუშვი, შეგიძლია მეორეს დაელოდო.

14. უნდა ვიკითხოთ, ვუყუროთ, ვუსმინოთ კონკრეტულ რაღაცებს

ფოტო: Giphy

ეს ბევრ საზოგადოებაში ფესვგადგმული სნობიზმია — წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ სიცოცხლეში; ფილმები, რომლებსაც უნდა ვუყუროთ ინტელექტის ასამაღლებლად, მუსიკა, რომელსაც უნდა ვუსმინოთ ესთეტიკური მხარის გასავითარებლად და სხვა.

ამ დროს გვავიწყდება, რომ ხელოვნების აღქმა ინდივიდუალურია და გემოვნებაც არასადავო ამბავია. წიგნებით, ფილმებით და მუსიკით კი აუცილებლად უნდა ვისიამოვნოთ კიდეც.

15. დუმილი "ოქრო რჩეულად" უნდა მივიჩნიოთ

ფოტო: Giphy

როგორც ტყუილის შემთხვევაში, დუმილიც ბევრი პრობლემის წინაპირობად შეიძლება იქცეს. გაჩუმება ზოგჯერ არც პასუხია და არც გამოსავალი. კვლავაც გარემოებების დამოუკიდებლად და ცივი გონებით შეფასებით ჯობს იმის გადაწყვეტა, სად თქმაა საჭირო და სად — თქმითაც დაშავდების.