სერიალებმა თანდათანობით ფილმები ჩაანაცვლა და მათთვის, ვისაც მარველის გარდა სხვა პროდუქტიც აინტერესებს, საუკეთესო გამოსავალი ალბათ რამდენიმე სეზონისგან შემდგარი შოუს შერჩევაა. შესაძლოა, სერიალების მკვეთრად გაზრდილი პოპულარობა კინოინდუსტრიაში მომხდარი ცვლილებების გარდა, იმანაც განაპირობა, რომ მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, გმირებთან ერთად ნელ-ნელა გაიზარდოს და საბოლოოდ, მათი ცხოვრების ნაწილად, ოჯახის წევრად იგრძნოს თავი.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პოპკულტურა სერიალების მიმოხილვისა და პერსონაჟების ცნობილი ფრაზების გახსენების გარეშე უკვე აღარ არსებობს, ეს რამდენიმე არაჩვეულებრივი შოუ პიარის ნაკლებობისა თუ სხვა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მაინც საზოგადოების ფართო წრის ყურადღების მიღმა დარჩა.

მაშ ასე, 10 არაჩვეულებრივი სერიალი, რომელიც ალბათ არ გინახავთ:

1. ცხოველთა სამეფო (Animal Kingdom)

ფოტო: Tumblr

ცხოველთა სამეფო პროფესიონალი ბანდიტებისგან შემდგარი ერთი დიდი ოჯახის ისტორიაა. მისი მატრიარქი ჯანინ კოუდი იგივე სმარფი კი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ლიდერია სერიალების ისტორიაში და ერთადერთი, რომელიც შვილებსა და შვილიშვილს გამიზნულად კრიმინალებად ზრდიდა — თქვენ წარმოიდგინეთ და, მათ დაბადებამდეც კი გადაწყვეტილი ჰქონდა ბიჭებისგან ბანდის შექმნა. შოუს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის თითოეული კრიმინალური ოპერაციის წარმოუდგენელი სიზუსტით დაგეგმვა და შემდეგ უნაკლოდ შესრულება, რაც სერიალს თრილერისა და დრამის მოყვარულთათვის ნამდვილ საჩუქრად აქცევს; ძარცვის შემაძრწუნებლად მომნუსხველ სცენებს ბონუსად ემატება ოჯახის თითოეული წევრის ღრმა და მრავალშრიანი ხასიათი, მათი განსხვავებული სიყვარულის ისტორიები, მათ შორის, ლგბტ ურთიერთობები, და თითოეულის პირადი ტრავმა, რომელსაც მუდმივად ებრძვის. მიუხედავად მათ მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულისა, თითქოს სულ რაღაც ერთი წუთით შენც გინდა, მათი ოჯახის წევრი იყო და სერიალის დასასრულს მართლაც ოჯახის წევრებივით კარგად იცნობ და გიყვარს თითოეული მათგანი. ბოლოს კი მათი ცნობილი დევიზით დავასრულოთ: "დაე, მივიღოთ ყველაფერი ის, რაც გვსურს და არაფერი ის — რაც გვეკუთვნის."

2. საშოს ხეობა (P-Valley)

ფოტო: Tumbl

თუკი სტრიპტიზს ხელოვნებად აღიქვამთ და მუსიკაც გიყვართ, მაშინ საშოს ხეობაზე უკეთეს სერიალს ვერსად იპოვით. სტრიპტიზ კლუბის შიდა სამზარეულო და ხრიკები, მასში მომუშავე ქალების საინტერესო ისტორიები და ბრძოლა სექსიზმთან, რასიზმსა და ოჯახურ ძალადობასთან გულგრილს ალბათ ვერავის დატოვებს. ამასთან, თუკი ბლომად ინტრიგისა და სექსის ნახვა გესიამოვნებოდათ, არც მაგ შემთხვევაში დარჩებით გულდაწყვეტილები. ძია კლიფორდის, სტრიპტიზ კლუბის მმართველის, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და უჩვეულო და მოულოდნელი სასიყვარულო ისტორია ადგილობრივ განგსტერთან ხომ მთლად მოგნუსხავთ და მოგაჯადოებთ. საბოლოოდ, კი ისეთი შეგრძნება დაგრჩებათ, რომ ქალები, რომლებთანაც შესაძლოა, საერთო ბევრი არაფერი გაქვთ და არც მათ გადაწყვეტილებებს ეთანხმებით მაინცდამაინც, თქვენთვის დასავით ახლობლები არიან და გსურთ, რომ ყველაზე და ყველაფერზე გაიმარჯვონ.

3. სისხლი და ხორცი (Flesh and Bone)

ფოტო: Tumblr

სისხლი და ხორცი პროფესიონალი ბალერინების ცხოვრებაზე გვიყვება ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ ბალეტის კომპანიაში. სერიალი დაუფარავად გვიჩვენებს იმ სტრესს, ქიშპსა და მანიპულაციებს, რომელთა გაძლებაც მოცეკვავეებს უწევთ ერთმანეთისგან თუ თავიანთი ქორეოგრაფისა და ხელმძღვანელისგან, ქარიზმატული, თუმცა სისასტიკით ცნობილი პოლისგან. თუკი ბალეტი გიყვართ, მაშინ ორმაგად სასიამოვნო სანახაობა გელით, რადგან რამდენადაც არაჯანსაღი და არაჰარმონიულია ბალერინებს შორის ურთიერთობები, იმდენად ლამაზი და სრულყოფილია მათი ცეკვა. სერიალის ცენტრალური ფიგურა ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ბალერინა კლერია, რომელიც გუნდში ახალია და ამ ფაქტისა და საკუთარი ნიჭის დამსახურებით ყველასგან გარიყულად გრძნობს თავს. პოლი, რომლის თვალსაც არ ეპარება არც მოცეკვავეებს შორის მეტოქეობა და არც კლერის გამორჩეული მონაცემები, ამ უკანასკნელს არიგებს, რომ "პრიმა-ბალერინა ხროვასთან ერთად არ გადაადგილდება" და წარმატებას მარტოსულობა მოსდევს, ხოლო თუ ამას ვერ შეეგუება, ვერც პრიმა-ბალერინას სტატუსს მიაღწევს. ოჯახური ტრავმებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების მიუხედავად, კლერი საბოლოოდ მაინც ახერხებს კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოცეკვავე — პრიმა-ბალერინა გახდეს.

4. ბარაკუდა (Barracuda)

ფოტო: BBC

ბარაკუდა ახალგაზრდა პროფესიონალი მოცურავეების ცხოვრებას გვიჩვენებს, რომლებიც ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ემზადებიან. დენი, რომელიც გუნდში ახალია და დანარჩენებისგან განსხვავებით დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება, განსაკუთრებული მონაცემებითაა დაჯილდოებული და სტიპენდიითა და მწვრთნელის სიმპათიით სარგებლობს. გუნდის სხვა წევრები ამას არც თუ კმაყოფილებით ხვდებიან, განსაკუთრებით კი მარტინი, რომელიც დენის გამოჩენამდე აშკარა ლიდერი იყო. სერიალი ნათელყოფს, რამხელა სტრესისა და ზეწოლის ქვეშ არიან პროფესიონალი ათლეტები და რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ეს მათი ფსიქიკისა და პირადი ცხოვრებისთვის, რაც გაფიქრებს, ნუთუ მიზნის მიღწევა მაინც ღირს ამ ყველაფრის ფასად. შოუ ასევე განსაკუთრებით საინტერესოა თავად დენისა და მარტინის ურთიერთობის გამო, რომელიც ქიშპიდან მეგობრობაში, მეგობრობიდან კი რომანტიკულ გრძნობაში იზრდება.

5. დიდებული არმია (Grand Army High School)

ფოტო: Netflix

თინეიჯერებსა და სკოლაზე უამრავი სერიალია გადაღებული, რომელთა უმეტესობაში ტიპიურ სტერეოტიპებსა და გმირებს ვხვდებით, თუმცა არა — დიდებულ არმიაში. თუკი გაინტერესებთ თინეიჯერი გმირები, რომლებიც არა ზრდასრულების თვალით დანახული ჭირვეული ბავშვები არიან, არამედ ადამიანები, რომლებსაც მდიდარი შინაგანი სამყარო და პერსონალური მიზნები აქვთ, მაშინ შორს ნუღარ წახვალთ. სერიალი ძალიან საინტერესოდ ჰყვება 21-ე საუკუნეში მცხოვრები ამერიკელი თინეიჯერების ისტორიებს, მათ ეკონომიკურ პრობლემებს, რასობრივი და სექსუალური ხასიათის შევიწროებას, გარემოსგან ზეწოლას. საბოლოოდ, კი გრჩებათ შეგრძნება, რომ ამ სერიალით მნიშვნელოვანი და საჭირო დისკუსიის მონაწილე გახდით და დღევანდელობის სოციალურ პრობლემებშიც უკეთ ჩაიხედეთ.

6. წითელი სამაჯურები (Red Band Society)

ფოტო: GfyCat

წითელი სამაჯურები ასევე თინეიჯერების ცხოვრებას აღწერს, თუმცა არა — ჩვეულებრივი თინეიჯერების; ყველა მათგანი ერთი და იმავე კლინიკის პაციენტია და სხვადასხვა მძიმე დაავადებასთან უწევს ბრძოლა. მიუხედავად ამისა, სერიალი, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი არც მეტი, არც ნაკლები თავად სტივენ სპილბერგია, გვიჩვენებს, რომ ცხოვრების ყველაზე რთულ და სევდიან მომენტებშიც შესაძლებელია, სინათლე, სიყვარული და მეგობრობა იპოვო. სწორედ ასე იქცევიან შოუს მთავარი გმირები და გადაწყვეტენ, რომ "წითელი სამაჯურების სამეგობრო" დაირქვან კლინიკისა და თავიანთი საერთო ისტორიის პატივსაცემად.

7. ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი (My Brilliant Friend)

ფოტო: Tumblr

ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი ორი საოცარი ინტელექტის მქონე გოგოს მეგობრობას გვიჩვენებს ბავშვობიდან ხანდაზმულ ასაკამდე. ლილა და ელენა ნეაპოლის ღარიბ უბანში იზრდებიან, სადაც ყოველი დღე ძალადობით, სექსიზმითა და მიზოგონიითაა სავსე. გოგოების გულწრფელი მეგობრობა პირველად მაშინ განიცდის გარდატეხას, როცა ელენას ოჯახი სწავლის გაგრძელების უფლებას აძლევს დაწყებითი კლასების შემდეგ, ლილას — კი არა. ამის შემდეგ მათი გზა იყოფა და თუმცა კიდევ დიდხანს ინარჩუნებენ ბავშვობის მეგობრების სტატუსს, მათ ურთიერთობაში ფარული ქიშპი და შური იპარება. ქალების მეგობრობის ამგვარი აღწერა, სერიალს ღირებულებას არ უკარგავს, პირიქით რეალურ სურათს ხატავს და გვიჩვენებს, რომ სიყვარული და მეგობრობაც კი არ არსებობს გარკვეული ნეგატიური ემოციების გარეშე და ეს ნეგატიური ემოციებიც ადამიანური ბუნებისა და ცხოვრების ნაწილია. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება იტალიაში ხდება, მგონია, ქართველ მაყურებელს მაინც გაუჩნდება შეგრძნება, თითქოს ეს ფილმი მათი და მათი მშობლების ცხოვრებაზეა გადაღებული.

8. იგივე გრეისი (Alias Grace)

ფოტო: Netflix

იგივე გრეისი საპყრობილეში მყოფი ქალისა და ფსიქოლოგის ურთიერთობას გვიჩვენებს, რომელიც ქალაქის მაღალმა საზოგადოებამ იმისთვის დაიქირავა, რომ გაერკვიათ, სინამდვილეში მართლა ჩაიდინა მოკრძალებულმა, სიფრიფანა გრეისმა მკვლელობა თუ არა. შოუ სიღრმისეულად იკვლევს გრეისის წარსულს, თუმცა ბოლო წუთამდე ინარჩუნებს იდუმალებას. გრეისისა და მის შესასწავლად მოწვეული ფსიქოლოგის ურთიერთობაშიც ყველასთვის მოულოდნელად დიდი ვნება და მიზიდულობა იგრძნობა, რაც კიდევ უფრო საინტერესო სანახავს ხდის სერიალს.

9. ბორჯიების ოჯახი (The Borgias)

ფოტო: HBO

ბორჯიების ოჯახი კარდინალ როდრიგო ბორჯიასა და მისი ოჯახის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ის რომის პაპი, ალექსანდრე VI, ხდება. ბორჯიების ოჯახს ხშირად მოიხსენიებენ პირველ კრიმინალურ ოჯახად იტალიაში და შემდგომში მაფიის ჩამოყალიბებას სწორედ ამ მე-15 საუკუნის ოჯახს მიაწერენ. ბორჯიებს მრავალ ცოდვასა და დანაშაულში სდებდნენ ბრალს, მათ შორის, ინცესტშიც, თუმცა როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი რეალური ცხოვრება, სერიალი მაინც თითოეულ მაყურებელს მოხიბლავს, ვისაც შუა საუკუნეების ევროპა, მაშინდელი პოლიტიკა, ბრძოლები და ინტრიგები აინტერესებს.

10. რემი (Ramy)

ფოტო: Tumblr

რემი ახალგაზრდა მუსლიმი კაცის ცხოვრებას გვიჩვენებს, რომლის მშობლებიც იმიგრანტები არიან, თუმცა თვითონ ამერიკაში გაიზარდა. სერიალი არაჩვეულებრივი იუმორით გვიყვება, როგორია თანამედროვე სამყაროში ცხოვრება, როცა ძალიან რელიგიურ ოჯახში აღიზარდე და ის ფასეულობები, რაც გასწავლეს, მაინცდამაინც ვერ მოდის შენს ყოველდღიურობასთან ჰარმონიაში. შესაბამისად, სერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა თვითგამორკვევა და საკუთარი სიმართლისა და გზის პოვნაა. შოუს კიდევ ერთი ღირებულება, სხვა უამრავთან ერთად, დასავლეთში მუსლიმებზე შექმნილი სტერეოტიპების დამსხვრევაა და იმ სირთულეებისა და წინასწარ შექმნილი უარყოფითი დამოკიდებულების ჩვენება, რასთან გამკლავებაც რემის მსგავს ადამიანებს უწევთ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…