ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 14 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს და მიზეზად ტექნიკური პირობების არარსებობა დაასახელეს, პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული კადრები გაასაჯაროვა, რომელიც კლინიკა ვივამედში, მიხეილ სააკაშვილის პალატაშია გადაღებული.

  • კადრები აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით თარიღდება და უხმოდ და უკონტექსტოდ არის შეკრული. 10-წუთიანი ვიდეოდან ბოლო პერიოდის კადრებს, რომლებიც სააკაშვილის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს, ყველაზე ნაკლები დრო, 19 წამი ეთმობა. ნაწილზე კი თარიღი საერთოდ არ ჩანს.
  • ვიდეომასალის გამოქვეყნებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მუქარა, რომ, თუ "სიმულაციური ქმედებები" არ შეწყდებოდა, გაასაჯაროებდნენ მტკიცებულებებს.

დეტალები: შიმშილობას დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულ ისმაილოვი იწყებენ.

  • დეპუტატების განცხადებით, პროტესტის ამ ფორმას არ შეწყვეტენ, სანამ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ.
  • "დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთასხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას", — თქვა გიორგი კირკიტაძემ.
  • მისივე განცხადებით, იმედი აქვთ, რომ ეს პოლიტიკური აქტი მზარდი იქნება როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ.
  • "არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიკვდილი და არ უნდა გავხდეთ თანამონაწილენი ამ აქტისა უკვე მეორედ. ამისთვის მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი", — განაცხადა დეპუტატმა.

ანა წითლიძის თქმით, შიმშილობას გააგრძელებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს არ ექნება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენის საშუალება.

  • "მე მინდა, პირველ რიგში, საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, ჩვენი მიზანი არ არის ცუდი ემოციებისგან თქვენი დატვირთვა და მინდა, ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს,რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მასთან შეთანხმებული.
  • მაგრამ მე არ შემიძლია, ვუყურო პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მებრძოლის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი იმისთვის, რომ გადავარჩინო პრეზიდენტის სიკვდილი და ჯანმრთელობა.
  • თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, მაშინ, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო მე", — განაცხადა დეპუტატმა.