დემენცია პროგრესიული ან ქრონიკული მდგომარეობაა, რომელსაც კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება ახასიათებს, რაც ადამიანის აზროვნებაზე, ქცევასა და მეხსიერებაზე საგრძნობლად აისახება. ის სინდრომია, რომელიც საკუთარ თავში დაავადების რამდენიმე ტიპს აერთიანებს, რომელსაც ერთმანეთის მსგავსი სიმპტომები აქვს.

წინამდებარე სტატიაში სწორედ მათზე გესაუბრებით.

ალცჰაიმერის დაავადება

ექსპერტების თქმით, დემენციის შემთხვევების 60-დან 80 პროცენტამდე ზუსტად ალცჰაიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული, რომელიც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ის ხშირად დემენციის სინონიმად გამოიყენება, რადგან მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

ალცჰაიმერის დიაგნოზით მცხოვრებ ინდივიდებს მეხსიერების ჩავარდნები, გეგმების დასახვისა და ჩვეული საქმიანობის შესრულების პრობლემები აღენიშნებათ და მდგომარეობა დროთა განმავლობაში უუარესდებათ. ხშირად თავს იჩენს დაბნეულობა (ვერ იხსენებენ, რომელი წელია და სად არიან), წერის ან მეტყველების გაძნელება, ნივთების დაკარგვა, განსჯის უნარის დაქვეითება და ხასიათისა თუ პიროვნული ცვლილებები.

ვასკულარული დემენცია

ფოტო: istockphoto

ვასკულარული დემენციის მიზეზი ხშირად ინსულტი ხდება, როგორც ჩვეულებრივი, ასევე "ჩუმი", ანუ უსიმპტომო. ამ დაავადების ნიშნები იმაზეა დამოკიდებული, თუ ტვინის რომელი ნახევარსფეროა დაზიანებული. თუ ალცჰაიმერი მეხსიერების პრობლემებით იწყება, ვასკულარული დემენციისას ჯერ დაგეგმვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ორგანიზების გაძნელება ვლინდება.

ამ დროს პაციენტებში აგრეთვე ფიქსირდება დაქვეითებული მახსოვრობა, მეტყველებისა და სხვისი ნათქვამის გააზრების გართულება. ნაცნობი ხმებისა და ადგილების ვერ გახსენება, დაბნეულობა ან აღელვება, ხასიათისა და პიროვნების ცვლილება, სიარულისას ხშირად დაცემა.

ლევის სხეულების დემენცია

ლევის სხეულები გახლავთ მიკროსკოპული ნარჩენები ცილისა, რომელიც ზოგიერთი ადამიანის ტვინში წარმოიქმნება. მათ იმ მეცნიერის სახელი ეწოდება, რომელმაც ისინი აღმოაჩინა. მსგავსი ტიპის დემენციის დროს ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანოს ქერქში სწორედ ასეთი ნარჩენები გროვდება.

ლევის სხეულების დემენციისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს შორისაა კონცენტრაციის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ნათლად აზროვნების გართულება, მეხსიერების ჩავარდნები, ვიზუალური ჰალუცინაციები, დღის განმავლობაში უჩვეულო ძილიანობა, პერიოდული გათიშვა, ნელი მოძრაობა, სიზმრის დროს ფიზიკური აქტიურობა (ხელების ან ფეხების ქნევა და ლაპარაკი).

პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებული დემენცია

ფოტო: heart

პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის დარღვევაა, რომელსაც უკონტროლო მოძრაობა ახასიათებს. ყველაზე ხშირად ეს კიდურების ან თავის კანკალსა და კოორდინაციისა თუ ბალანსის შენარჩუნების გაძნელებაში გამოიხატება. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების 50-80 პროცენტს დემენცია უყალიბდება, რომლის სიმპტომებიც პარკინსონის დიაგნოსტირებიდან დაახლოებით 10 წელში ვლინდება.

ამ დაავადებასთან დაკავშირებული დემენცია ძალიან ჰგავს ლევის სხეულების დემენციას, რადგან ტვინში ნარჩენები ამ დროსაც გროვდება და საერთო ნიშნები იკვეთება.

ფრონტოტემპორალური დემენცია

როცა ადამიანს ფრონტოტემპორალური დემენცია აქვს, ეს ნიშნავს, რომ უჯრედები მისი ტვინის იმ ნაწილშია დაზიანებული, რომელიც დაგეგმვაზე, მსჯელობაზე, ემოციებზე, მეტყველებასა და მოძრაობაზეა პასუხისმგებელი.

აღნიშნული ტიპის დემენციის მიმდინარეობისას ხშირია ქცევისა და ხასიათის ცვლილებები, პერსონალურ და სოციალურ სიტუაციებში მონაწილეობის უეცარი შეწყვეტა, საუბრისას სათანადო სიტყვების მოფიქრების გაძნელება, კუნთების სპაზმები, ბალანსის დარღვევა, კანკალი და მოძრაობის პრობლემები.

შერეული დემენცია

ფოტო: dribbble

ზემოხსენებული სინდრომის ტიპებში შემავალი კიდევ ერთი დაავადება შერეული დემენცია გახლავთ. როგორც მისი სახელიდან ვიგებთ, ის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. კერძოდ, ესაა ალცჰაიმერისა და ვასკულარული დემენციის სინთეზი.

ეს ნიშნავს, რომ შერეული დემენციის დროს ვლინდება როგორც ალცჰაიმერის თანმდევი ცვლილებები ტვინში, ასევე ვასკულარულ დემენციასთან ასოცირებული პრობლემები სისხლძარღვებში.

დემენციის გამომწვევ დაავადებებს შორისაა:

  • ჰანტინგტონის დაავადება — როცა ტვინში არსებული ცილები უჩვეულო ფორმას იღებს.
  • ნორმალური წნევის ჰიდროცეფალია — როცა ტვინში სითხე გროვდება.
  • ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომი — როცა ორგანიზმში ვიტამინ თიამინის მწვავე ნაკლებობაა.

გახსოვდეთ, რომ დემენცია პროგრესირებადი მდგომარეობაა, ანუ ის დროთა განმავლობაში უარესდება, ამიტომ თუ საკუთარ თავს ან ოჯახის წევრს საეჭვო სიმპტომებს შეატყობთ, ექიმს მიმართეთ. სათანადო მკურნალობის მეშვეობით დაავადების განვითარების შენელება შესაძლებელია.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.