24 თებერვლის დილას, რუსეთში და არამხოლოდ იქ, ფიქრობდნენ, რომ კიევი მაქსიმუმ ერთ კვირაში დაეცემოდა. უკრაინულმა არმიამ ჩრდილო-აღმოსავლელ მეზობელს გეგმები შეუცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილი ისევ ოკუპირებულია, დონბასში კი საოკუპაციო არეალი გაზრდილია, კიევმა თავდადებითა და დასავლური იარაღით ხარკივის ოლქის უდიდესი ნაწილის, ასევე, ლიმანისა და ქალაქ ხეროსნის დეოკუპაცია მოახერხა. უკრაინაში აცხადებენ, რომ 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას აღარ აპირებენ და ბრძოლას ყირიმის დაბრუნებამდე გააგრძელებენ.

300 დღეზე მეტი გავიდა და 1 100 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება, თუმცა ზამთარმა ცვლილებები მაინც შეიტანა. ტალახში გავლა მუხლუხიან ტექნიკასაც უჭირს, რის გამოც სასანგრე ბრძოლები გააქტიურდა. ტემპერატურის კიდევ უფრო კლების შემდეგ, შესაძლოა, მოვლენები ორი სცენარით განვითარდეს: გაყინულ მიწაზე ფართომასშტაბიანი შეტევები განახლდეს, ან ორივე მხარე გაზაფხულს დაელოდოს.

ხერსონის დაბრუნება

უკრაინელთა ბოლო დიდი წარმატება ხერსონის დაბრუნება გახდა. ქალაქი ბრძოლით არ აუღიათ, თუმცა არც რუსეთს დაუთმია ნებით. გასვლის მიზეზი ლოჯისტიკური ხაზის განადგურება და დამარცხების შიში გახდა.

ხერსონი დეოკუპაციის შემდეგ

ხერსონი დეოკუპაციის შემდეგ

ფოტო: Reuters

ომამდე ხერსონში 280 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ეს ერთადერთი ადმინისტრაციული ცენტრი იყო რომლის ოკუპაციაც მოსკოვმა ომის დაწყების შემდეგ მოახერხა. ოლქის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რუსებმა ქალაქი ხარკივი ვერ აიღეს და მარიუპოლის დაცემის მიუხედავად, ვერც ქალაქ ზაპოროჟიეში შევიდნენ. მთელი ოლქის დასაბრუნებლად ბუნებრივ ბარიერად მდინარე დნეპრი იქცა.

ბრძოლა ბახმუტისთვის

ახლა ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები ქალაქ ბახმუტთან მიმდინარეობს, რომელსაც მოსკოვი აგვისტოდან მოყოლებული უტევს, თუმცა ნოემბრიდან ძალები მნიშვნელოვნად გაზარდა. ბახმუტთან ბრძოლებში არაერთი ქართველი მებრძოლიც დაიღუპა.

ბრძოლები ბახმუტთან

ბრძოლები ბახმუტთან

ფოტო: Reuter

ამბობენ, რომ ქალაქის დასაცავად ბრძოლები პირველ მსოფლიო ომის ტაქტიკას დაემსგავსა — ჯარისკაცებს მთელი დღეების გატარება სანგრებში უწევთ, ტექნიკა ძველებურად ვეღარ გადაადგილდება, მაგრამ ქვემეხები სროლას ისევ განაგრძობენ.

სიცივე, ნესტი, ტალახი და ანტისანიტარია გავლენას განწყობებსა და მოტივაციაზეც ახდენს. თუ ცოცხალი ძალისა და შეიარაღების რაოდენობით უპირატესობას რუსეთი ფლობს, უკრაინელებს უკეთ აცვიათ, რაც უმნიშვნელო ფაქტორი არ არის.

ქალაქის საავადმყოფო დაჭრილებითაა სავსე. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც აპრილ-მაისში აზოვსტალში იყო.

ბახმუტის ჰოსპიტალი

ბახმუტის ჰოსპიტალი

ფოტო: Metin Aktas/Anadolu Agency

რამდენიმეთვიანი ბრძოლის ფონზე რუსეთს მცირე წინსვლა აქვს, მაგრამ ქალაქის დაცემაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია. ლიმანის დაბრუნების შემდეგ ბახმუტმა ის სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა, რაც აგვისტოში გააჩნდა — გზა სლავიანსკსა და კრამატორსკზე იხსნებოდა. ამის მიუხედავად მოსკოვში პროპაგანდისტული მიზნები არ დავიწყებიათ. მათ მცირე გამარჯვების მიღწევა მაინც სურთ, მაშინაც კი თუ ამ გამარჯვებისთვის ათასობით მობილიზებულს შესწირავენ.

უკრაინის კონტრშეტევა

ლუგანსკის ოლქში ასევე მცირე წინსვლა აქვს უკრაინას, მაგრამ გარღვევას ვერც ის ახერხებს. სიახლე არც მელიტოპოლის მიმართულებით შეინიშნება.

რუსეთი ფრთოსანი რაკეტებით სამოქალაქო ობიექტებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. ქალაქები, მათ შორის კიევი, ხშირად ელექტროენერგიის გარეშე რჩება. პერიოდულად ითიშება წყალმომარაგებაც.

უკრაინა თებერვლის შემდეგ ახერხებს რუსეთის ტერიტორიაზე წერტილოვან დარტყმებს, რითიც სამხედრო აეროპორტების, იარაღის საწყობებისა და საწვავის რეზერვუარების განადგურებას ცდილობს. მაგრამ 5 დეკემბერს დიაგილევოსა და ენგელსი 2-ის აეროდრომებზე მტერს ფრონტის ხაზიდან 460 და 700 კმ-ის სიღრმეზეც მისწვდა, რის შედეგადაც დაზიანდა მინიმუმ 1 შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენი TU 22 და 2 შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენი TU 95. TU 22 რუსეთმა პირველად 2008 წელს აგვისტოს ომში დაკარგა, TU 95 — აქამდე არასდროს.

TU 22 და TU 95

TU 22 და TU 95

რა საშუალებით მისწვდნენ ამ სიღრმეზე რუსეთს, ამაზე კიევში არ საუბრობენ. ოპერაციამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ 1 000 კმ-ზე მოქმედი კამიკაძე დრონების წარმოება დაიწყო.

რუსეთში დაუპატიჟებელი სტუმრები საბჭოთა პერიოდის დრონებად TU 141-ებად შერაცხეს. ეს თუ სიმართლეა, მას აუცილებლად მოდერნიზება ექნება ჩატარებული, რადგან ეს დრონი 1 100 კმ-ს კი ფარავს, მაგრამ სიზუსტით არ გამოირჩევა და ძირითადი ფუნქცია სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება იყო.

სტრატეგიული ბომბდამშენის დაზიანება თავისთავად მნიშვნელოვანია. თითოეული მათგანი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ღირს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ეფექტი აღმოჩნდა. ის ვინც კიევის აღებას სამ დღეში აპირებდა, კურსკსა და ბელგოროდში ტანკსაწინააღმდეგო ფორტიფიკაციების შემდეგ, არსებული ინფორმაციით, ახლა მოსკოვში საჰაერო განგაშის სიგნალებს ამონტაჟებს.

რეალურ მოცემულობაში მოსკოვის მასირებული დაბომბვა უკრაინის მხრიდან არც განიხილება, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე უფრო მეტი წერტილოვანი დარტყმა დასაშვებია.

მოწინააღმედგის ნასროლი რაკეტების გაუნებელყოფა, ან თუნდაც მისსავე ტერიტორიაზე ბომბდამშენის დაზიანება/განადგურება მნიშვნელოვანია, მაგრამ ოკუპირებულ მიწებზე კონტროლის დასაბრუნებლად არასაკმარისი.

შეიარაღება

როდის ან რა მიმართულებით გადავა ან ერთი ან მეორე მხარე შეტევაზე, ამის წინასწარ თქმა რთულია. უკრაინამ ჭურვების წარმოება განაახლა, შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს დრონებსაც, მაგრამ დამატებით საზენიტო საშუალებებში და ჯავშანტექნიკაში მთლიანად საგარეო დახმარების იმედზეა. რუსეთი იარაღით ბელარუსიდან, ირანიდან, დიდი ალბათობით ჩრდილო კორეიდანაც მარაგდება. მუშაობას აგრძელებენ ქარხნებიც, თუმცა წარმოება დანაკარგს ბოლომდე ვერ ანაზღაურებს.

დეოკუპაციის ან დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის მცდელობა კლიმატურ პირობებზე, სადაზვერვო ინფორმაციაზე, მობილიზებულების დამატებაზე, იარაღის მარაგის შევსებაზე, ლოჯისტიკური არხების გამართულობასა და სხა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ზამთარი, როგორც წესი, ომის ტემპს აგდებს, თუმცა ტალახთან შედარებით გაყინულ მიწაზე ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის გადაადგილება უფრო მარტივია, რაც, შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებების ინტენსიობის გაძლიერების მიზეზი გახდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ომის მსვლელობაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

რუსეთის უპირატესობა ცოცხალი ძალისა და შეიარაღების სიმრავლეა. უკრაინის — პატრიოტული სულისკვეთება და ზუსტი იარაღი. რაიმე მიზნის გასანადგურებლად რუსეთს უფრო მეტი გასროლა სჭირდება.

უკრაინას დიდი ოდენობით ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, საზენიტო საშუალებები, ბუქსირებადი და და თვითმავალი ქვემეხები, რეაქტიული არტილერია, დრონები, საბჭოთა წარმოების ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა, ასევე, საბჭოთა წარმოების შვეულმფრენები და თვითმფრინავები, ჭურვები, ტყვიები, ეკიპირება და სადაზვერვო ინფორმაცია გადასცეს. ეს ყველაფერი მხოლოდ შეერთებული შტატების მხრიდან $20 მილიარდს აღემატება, რაც ნამდვილად არაა ცოტა, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ კიევს 300 კმ-ზე მფრენი რაკეტები, დასავლური წარმოების ტანკები და ავიაცია არ მიუღია.

Himars

Himars

ფოტო: AP

B2-ების F35-ების ან F22-ების გადაცემაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. საუბარი უფრო F16-ებს შეეხებოდა, მაგრამ საქმე საუბარს არ გასცდენია. ყველაზე მძლავრი შეიარაღება რაც კიევმა ვაშინგტონისგან მიიღო HIMARS-ები იყო, ისიც 300 კმ-ზე მფრენი რაკეტების გარეშე. მიუხედავად ამ შეზღუდვისა HIMARS ქალაქ ხერსონის დეოკუპაცია მნიშვნელოვნად დააჩქარა. ახლა კი უკრაინაში პატრიოტების სისტემებს ელოდებიან, რომლის დაპირებაც აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა. რუსეთი კი აცხადებს, რომ უკრაინისთვის პატრიოტის რაკეტის მიწოდება მათ სამხედრო მიზნებს ხელს ვერ შეუშლის, ისინი "მოძველებულია" და ჩამოაგდებენ.

დანაკარგები

როდესაც 1945-ის შემდეგ კონტინენტზე ყველაზე დიდ ომზე ვსაუბრობთ, ცხადია დანაკარგები ორივე მხრიდან ძალიან დიდი იქნება. ომში საკუთარი ზარალის შემცირებულად გამოცხადება და მტრის გაზრდა მიღებული პრაქტიკაა. მსხვერპლის ოდენობა რთული დასადგენია, მაგრამ ის თითოეული მხრიდან უკვე რამდენიმე ათეულ ათასს აჭარბებს. რასაც მოკლულ სამოქალაქოთა რიცხვიც ემატება. მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მსხვერპლმა ორივე მხრიდან, მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, უკვე 100 000-ს გადააჭარბა.

განადგურებულ ტექნიკას პორტალი Oryx ითვლის. ის მხოლოდ იმ აფეთქებულ, დაზიანებულ თუ ნაალაფარ ტექნიკას აღრიცხავს, რაც ფოტო და ვიდეო ფაქტებით დასტურდება. რეალური დანაკარგები ორივე მხრიდან უფრო მეტია. ამ პორტალის მონაცემებით, 28 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთმა 8 497 ჯავშანტექნიკა დაკარგა მათ შორის 2 673 მცირე დაზიანებით ან სულაც დაუზიანებლად უკრაინელთა ხელში აღმოჩნდა. ჯავშანტექნიკიდან 1 584 ტანკია. ამ ტანკებიდან მესამედი — 528 უკრაინელთა ნაალაფარია. უკრაინამ კი მხოლოდ 2 651 დაკარგა, საიდანაც ოკუპანტების ხელში 816 გადავიდა.

რაც შეეხება ავიაციას, რუსეთმა დადასტურებულად 64 თვითმფრინავი და 74 შვეულმფრენი დაკარგა, ხოლო უკრაინამ — 51 თვითმფრინავი და 28 შვეულმფრენი. ეს რიცხვები ომის დასრულების შემდეგ ახალი მტკიცებულებების აღმოჩენის შედეგადაც გაიზრდება.

T90

T90

ფოტო: ORYX

მოსალოდნელი შედეგი

კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას წინააღმდეგობის გაწევა პასუხი ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში გაეცა. ახლა სხვა კითხვები ისმის: როდის აღიდგენს უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობას ბოლომდე? გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს? შეეცდება თუ არა საკუთარ მოსახლეობაში იმიჯის აღსადგენად სხვა სახელმწიფოში ინტერვენციას? როგორი იქნება ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება ომის დასრულების შემდეგ? ამ კითხვებზე ბევრი სავარაუდო პასუხია, მაგრამ აბსოლუტურ სიზუსტეზე პრეტენზია ვერც ერთს ექნება.

კონტრშეტევას უკრაინა ახალი წლის შემდეგ დაიწყებს, თუ გაზაფხულიდან, სრული დეოკუპაციისთვის რამდენიმე კვირა საკმარისი არ იქნება. როგორც სამხედრო, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე რთული ვითარება ყირიმშია.

თუ სხვა ოლქები რუსეთმა საკუთარ ტერიტორიად 2022 წელს გამოაცხადა, ყირიმი 2014 წელს დაიკავა და იარაღით გაძეძგა. სამხედრო თვალსაზრისით, სევასტოპილის პორტის მნიშვნელობაც გასათვალისწინებელია.

რა ბედი ელის რუსეთს უკრაინის მიწაზე? თუ გამარჯვება კიევის აღება იყო, მაშინ ის უკვე დიდი ხნის დამარცხებული ყოფილა, მაგრამ დღემდე თითქმის ორი საქართველოხელა ტერიტორია ისევ მიტაცებული აქვს. უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სახმელეთო ჯარით დაკავება ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ 2014 წელს მიტაცებული ტერიტორიების დათმობა მოსკოვითვის კატასტროფული მარცხი იქნება.

ომის მსვლელობა

ომის მსვლელობა

"გენერალი ზამთარი" 1812 და 1941 წლებში ნამდვილად დაეხმარა რუსეთს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ომი მათ ტერიტორიაზე იყო. რუსეთში არ უყვართ კიდევ ერთი ზამთარში გამართული ომის გახსენება, რა დროსაც 1939-1940 წლებში ფინეთთან კოლოსალური რიცხობრივი და შეიარაღების უპირატესობის მიუხედავად, ფაქტობივად დამარცხდნენ და ქვეყნის 100%-ის მაგივრად მხოლოდ 11% მიიღეს, ისიც 126 000-ზე მეტი დაღუპულის ფასად.