უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტის პრესკონფერენცია თეთრ სახლში 2-საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ქვეყანა არ დაუტოვებია — პირველი ოფიციალური ვიზიტით ის აშშ-ს ეწვია.

  • აეროპორტიდან ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც მას აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი დახვდნენ.
  • პრეზიდენტებმა მედიის თანდასწრებით ერთმანეთს მიმართეს, რის შემდეგაც დახურული შეხვედრა დაიწყო.
  • ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტებთან ერთად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ადმინისტრაციის უფროსი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც იყვნენ.

დეტალები: პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ და ბაიდენმა ომის დაწყების შემდეგ განვითარებული პროცესები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

  • მათ მხოლოდ რამდენიმე კითხვას უპასუხეს და არაერთხელ ხუმრობაც მოასწრეს.
  • ბაიდენმა აღნიშნა, რომ 24 თებერვლის შემდეგ ბევრი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ და ძალიან გაუხარდა, რომ ზელენსკი პირადად ნახა.
  • მანვე ყურადღება გაამახვილა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა და აღნიშნა, რომ წარმოქმნილმა კრიზისმა ამ ვიზიტს ბიძგი მისცა.

რა თქვა ბაიდენმა: აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მტერი ვერ შეძლებს უკრაინელების დამარცხებას, რადგან სერიოზული მხარდაჭერა აქვთ და მარტო არასოდეს იქნებიან.

  • "უკრაინელი ხალხი ძალიან მამაცია. პრეზიდენტი პუტინი თავისი ბრუტალური მეთოდებით ესკალაციას განაგრძობს. მას კრიტიკული ინფრასტრუქტურა სამიზნედ აქვს ამოღებული. ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა. უკვე 300 დღეა უკრაინელი ხალხი აჩვენებს ბრძოლას, სიმამაცესა და ქვეყნის სიყვარულს", — თქვა ბაიდენმა.
  • პრეზიდენტმა განმარტა, რომ ამერიკელი ხალხი ყოველთვის აცნობიერებდა და აცნობიერებს დემოკრატიული მისწრაფებების არსს და ყოველთვის გაუწევენ წინააღმდეგობას თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლებს.
  • "პუტინი ემუქრება უკრაინას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ თავდაცვისთვის მზად იყოთ. მაქსიმალურად მოგაწვდით საჭირო იარაღს. ასეთები ვართ ამერიკელები", — თქვა ბაიდენმა.
  • მისივე მტკიცებით, ყოველთვის მოუწოდებდნენ მსოფლიოს, რომ ძლიერი პოზიცია დაეკავებინათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით.
  • ბაიდენის თქმით, საბიუჯეტო მხარდაჭერა მილიარდობით დოლარი იყო, რათა უკრაინის მთავრობას მოეხერხებინა მაქსიმალურად უზრუნველყო მომსახურება ჯანდაცვასა და განათლებაში.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა იმ დახმარებათა პაკეტებზე, რომელიც ამერიკამ უკრაინას მიაწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკა მზადაა მამაცი უკრაინელებისთვის უზრუნველყოს თავდაცვის სისტემები მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

  • "უკრაინა მაქსიმალურად წინ აღუდგა რუსეთის მოლოდინს. თქვენ განაცხადეთ ნათლად, რომ მზად ხართ მშვიდობისთვის. პუტინი არაა მზად მშვიდობისთვის, თქვენ ხართ. მას არ აქვს მიზანი, რომ ომი შეაჩეროს", — თქვა ბაიდენმა.
  • "კონგრესის წევრთა მხარდაჭერა არსებობს უკრაინის მიმართ, ძალიან მალე 45 მილიარდი მხარდაჭერის კანონპროექტის ხელმოწერა მოხდება. ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინას მიეწოდოს თავდაცვის ყველა დეტალი, სამხედროების აღჭურვილობის ჩათვლით", — თქვა მან.
  • ბაიდენმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინას პატრიოტების სისტემას მიაწვდიან და სამხედროებს გადაამზადებენ სისტემის გამოყენების მიმართულებით.
  • "რუსები წლის ყველაზე ცივ პერიოდში ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ელექტროენერგიას, გათბობას. ომს იყენებენ, როგორც იარაღს. ცდილობენ, შიმშილით დაიხოცოს ადამიანები. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს", — განაცხადა ბაიდენმა.

რა თქვა ზელენსკიმ: პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხსა და კოლეგას მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი ფაზა დაიწყო და შეხვედრის მთავარი მიზანი მისთვის უკრაინის გაძლიერება და გამარჯვების სურვილია.

  • "მე ჩამოვედი ამერიკაში იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, ვინც უკრაინისთვის ბევრს აკეთებს. ჩვენ რეალური მოკავშირეები გახდით", — თქვა ზელენსკიმ.
  • "წინ უნდა ვიმოძრაოთ, გავძლიერდეთ. პატრიოტის საჰაერო სისტემების გადმოცემა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამით ტერორისტ ქვეყანას წავართმევთ ძალას, რომ ჩვენი ქვეყანა გაანადგუროს", — განმარტა პრეზიდენტმა.
  • მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი 45 მილიარდი დოლარის ფინანსურ მხარდაჭერას დაამტკიცებს, საიდანაც თითოეული დოლარი გამოყენებული იქნება უსაფრთხოების გასამყარებლად.
  • "შტატები გვეხმარება დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა გადავრჩეთ ამ ზამთარში. ამ პერიოდში ძალიან ორგანიზებული უნდა ვიყოთ, ესაა გადარჩენის საკითხი, სადაც მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარება", — თქვა ზელენსკიმ
  • გამოსვლის დასასრულს მან რუსეთის სანქციების აუცილებლობაზეც ისაუბრა და თქვა რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა და მისი გამოყენება ყველას შესთავაზა.

კითხვებზე პასუხები: პირველი კითხვა, რომელიც ზელენსკის დაუსვეს იყო, რა მესიჯი აქვს ამერიკელი ხალხისთვის.

  • ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან და მათ მშვიდობა და ცოცხალი შვილები უსურვა.
  • "ჩვენ გავიმარჯვებთ და ძალიან მინდა, რომ ერთად გავიმარჯვოთ", — თქვა პრეზიდენტმა და იქვე დაამატა: "ბოდიში, მინდა კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ".
  • ზელენსკის პუტინისადმი მესიჯზეც ჰკითხეს, რაზეც თქვა: "რა მესიჯი შეიძლება გავუგზავნო მას შემდეგ, რაც მან მოწამლა ჩვენი სამოქალაქო ცხოვრება, მშვიდი ცხოვრება?"
  • მანვე აღნიშნა, რომ მესიჯის გაგზავნა შეუძლია ბაიდენისთვის, რომელსაც პატივს სცემს და იხუმრა, რომ, მაგალითად, Patriot სისტემის დამონტაჟების შემდეგ გაგზავნიან სიგნალს, რომ უფრო მეტ ასეთ სისტემას ისურვებდნენ.
  • კითხეს ისიც, როგორც ხედავს "სამართლიან მშვიდობას", რაზეც განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი სამართლიანი მშვიდობა ომში, რომელიც ამ არაადამიანებმა დაიწყეს.
  • უკრაინელმა ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ ადრე Patriot სისტემის გადაცემაზე უარს ამბობდნენ, ახლა კი თანახმა არიან და ჰკითხა, რატომ წელავენ დროს და არ აძლევენ უკრაინას დროულად ყველა საჭირო იარაღს.
  • ნახეთ ბაიდენის პასუხი ვიდეოში: