სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სააკაშვილი უკვე დიდი ხანია სასამართლოზე დასწრებას ითხოვს, თუმცა ვივამედში აცხადებდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს რეკომენდებული არ იყო.

  • 14 დეკემბერს კი პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურადაც არ ჩართო და მიზეზად "შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობების" არარსებობა დაასახელა.
  • სხდომის გადადების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის დამონტაჟებული და უხმო კადრები გაასაჯაროვა.
  • ამას წინ უძღოდა რატი იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მუქარა, რომ თუ სიმულაციურ ქმედებები არ შეწყდებოდა, კადრებს გაასაჯაროებდნენ.

დეტალები: საქალაქო სასამართლო დღეს ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებასა და მისგან გათავისუფლებაზე მსჯელობს.

  • პარალელურად, საქალაქოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
  • სავარაუდოდ, სასამართლოს სიტყვით თავად ექსპრეზიდენტიც მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

  • 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით გადმოკვეთა.
  • სამართალდამცავმა უწყებამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას გულისხმობს და ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
  • უზენაესი სასამართლოს მიერ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულ პირთა შეწყალების საქმეებზე.
  • ასევე — 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.

არქივიდან: სააკაშვილმა დაპატიმრების შემდეგ შიმშილობა ორჯერ გამოაცხადა. პირველი, 50-დღიანი შიმშილობა მან 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.

  • მეორედ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა 21 თებერვალს დაიწყო, მე-20 დღეს კი შეწყვეტის მიზეზად უკრაინის მთავარსარდლობის თხოვნა დაასახელა.