NASA-ს მიერ ჩვენი მეზობელი წითელი პლანეტის შესასწავლად გაშვებულმა მავალმა Perseverance იქ შეგროვებული გრუნტის ნიმუშები სპეციალური სინჯარით მარსის ზედაპირზე განათავსა. ეს მასალა კოსმოსური აპარატების მეშვეობით უახლოეს მომავალში დედამიწაზე უნდა ჩამოვიტანოთ.

მიზანი მარსზე პოტენციური სიცოცხლის კვალის ძიებაა, რისთვისაც მავალმა ნიმუშები უძველესი მდინარის დელტის მიმდებარედ მოიპოვა, სადაც შესაძლოა, მილიონობით წლის წინ მიკრობულ ორგანიზმებს ეარსება. როგორც ცნობილია, Perseverance ამ არეალში ტიტანისგან დამზადებულ 10 ასეთ ტუბს დატოვებს.

სინჯარების წამოსაღებად უეკიპაჟო მისია 2030-იან წლებში განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ხომალდში მათ ასატანად ისევ და ისევ Perseverance-ს გამოიყენებენ და გეგმა B-ს სახით წითელ პლანეტაზე დამატებით 2 ვერტმფრენს გაგზავნიან. აღსანიშნავია ისიც, რომ თავის დაზღვევის მიზნით საკვლევი ადგილებიდან აპარატს 2-2 ნიმუში აქვს აღებული.

ფოტო: NASA

გეოლოგიურ მასალას დედამიწამდე მარსის ორბიტაზე მომლოდინე სპეციალური ზონდი მოიტანს. შედეგად, შესაძლებლობა გვექნება, იქაური მატერია არა ჩვენს პლანეტაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტების, არამედ ახლა უკვე საგანგებოდ შეგროვებული ნიმუშების სახით შევისწავლოთ.

მნიშვნელოვანია, რომ მარსი ყოველთვის ასეთი უსიცოცხლო არ ყოფილა. ძველად ამ ციურ სხეულზე სიცოცხლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ნაერთი — წყალი უხვად გვხვდებოდა როგორც ტბებში, ასევე, მდინარეებში. ამის მიუხედავად, იყო თუ არა ეს საკმარისი იქ სიცოცხლის საარსებოდ, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ტუბში მოთავსებული პირველი ნიმუშები Perseverance-მა 31 იანვარს, Malay-ის სახელით ცნობილი ვულკანური ქანიდან მოიპოვა რეგიონში, რომელსაც სამხრეთ სეიტა ეწოდება. მასში მეცნიერებმა ორგანული ნაერთების კვალს მიაგნეს, რომელიც სიცოცხლისთვის აუცილებელი კომპონენტია.

აპარატს გრუნტზე სინჯარის დასაგდებად დაახლოებით 1 საათი დასჭირდა. საბოლოოდ ის 89 სანტიმეტრი სიმაღლიდან სწორ ზედაპირზე ჰორიზონტალურად დაეშვა, რაც გეგმით იყო გათვალისწინებული.

Perseverance-ის პირველადი მისია მომდევნო წლის 6 იანვარს დასრულდება, ხოლო მას მარსზე ყოფნის 2 წელი 18 თებერვალს შეუსრულდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.