რუსეთის პატრიარქის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 5 იანვარს, პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" ინიციატივით გამოვიდა.

  • მან "კონფლიქტში ჩართულ მხარეებს" მოუწოდა, ცეცხლი შეწყვიტონ 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 24 საათამდე, რათა მართლმადიდებელმა ადამიანებმა შეძლონ, დაესწრონ ღვთისმსახურებას.
  • კირილი პუტინთან დაახლოებული პირი და კრემლის პოლიტიკის გამტარებელია. მისი მტკიცებით, უკრაინაში ოკუპანტები რუსეთს იცავენ და მათ "მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე დაფუძნებული შინაგანი მორალური გრძნობა ამოძრავებთ".
  • ასევე, წარსულში იგი სიტყვით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ტაძარში, სადაც შეაქო ახალგაზრდა რუსები, რომლებიც ჯარში მსახურობენ და უკრაინელებს ხოცავენ.
  • ოკუპანტი ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ამჯერადაც რუსული პროპაგანდისტული გზავნილები გააჟღერა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს "საშინაო კონფლიქტი" უწოდა.

დეტალები: პოდოლიაკის განცხადებით, ე.წ. საშობაო ზავი ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია.

  • "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ავტორიტეტი გლობალური მართლმადიდებლობისთვის და მოქმედებს მხოლოდ, როგორც ომის პროპაგანდისტი.
  • იგი მოუწოდებს უკრაინელების გენოციდისკენ, ხელს უწყობს მასობრივ მკვლელობებს და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის კიდევ უფრო დიდ მილიტარიზაციას", — წერს პოდოლიაკი.