შესაბამისი განცხადება აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, შობის დღეს ჯარების გაყვანა დაეწყო და აგრესიაზე უარის თქმის უნარი ეჩვენებინა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ ამაზე საუბარი გამორიცხულია.

  • 5 იანვარს, ვლადიმერ პუტინის თანამოაზრე, რუსეთის პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" ინიციატივით გამოვიდა და "კონფლიქტში ჩართულ მხარეებს" მოუწოდა, 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 24 საათამდე ცეცხლი შეწყვიტათ.
  • კირილის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტი უწოდა.
  • 6 იანვარს კი პუტინმა ზუსტად კირილის "მოწოდების" შესაბამისი დროებით, 36 საათით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, კონტრშეტევა შეაჩეროს და ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ომი.

  • "ახლა მათ უნდათ შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და ჩვენს პოზიციებთან დააახლოონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მობილიზებულები", — აღნიშნა მან.

რუსეთის მტკიცებით, ფრონტის მთელ ხაზზე სროლა შეწყვიტეს.

  • თუმცა თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადებას თან ახლავს დეტალები რომელ მონაკვეთზე რამდენი ბრონიტექნიკა და უკრაინელი მებრძოლი გაანადგურეს — ისე, რომ დაზუსტებული არ არის, როდის მოხდა ეს.
  • გარდა ამისა, უკრაინული მედიები წერენ, რომ 6 იანვარს რუსებმა დაბომბეს კრამატორსკი და კურახოვი და რუსული ავიაგამანადგურებლების გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

რას ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობა: აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ ეს "ზავი" პუტინს თავისთვის სურს და 10-თვიანი ომისა და დიდი დანაკარგების შემდეგ ცდილობს, ამოისუნთქოს. სახდეპის სპიკერმა კი განაცხადა, რომ ამ სიტუაციას ერთი სიტყვა — ცინიზმი შეეფერება.

  • ნედ პრაისი: "ეს მეტწილად ცინიკურია, რადგან (პუტინის განცხადება) გაჩნდა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოსკოვმა განახორციელა საახალწლო თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე".
  • შარლ მიშელი: "ცალმხრივი წესით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე სიყალბე და ფარისევლობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიების დაწყება და მათთან დაკავშირებული რეფერენდუმები".
  • ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: "მკვლელები დაიღალენ და ერთი დღით შესვენება სურთ. მათ სურთ საშობაო ზავი, რომ განახლებული ძალებით შეძლონ უკრაინელების დახოვა".
  • დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსეთის თავდასხმების 36-საათიანი პაუზა არანაირად არ შეუწყობს ხელს მშვიდობის პერსპექტივას. რუსეთმა სამუდამოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები, დათმოს უკანონო კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე და შეაჩეროს ბარბაროსული თავდასხმები".
  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის სურვილი შობაზე შეწყვიტოს ცეცხლი, არ მიუთითებს მის სურვილზე, დაასრულოს ომი.