ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, შობის დღეს ჯარების გაყვანა დაეწყო და აგრესიაზე უარის თქმის უნარი ეჩვენებინა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ ამაზე საუბარი გამორიცხულია.

  • 5 იანვარს, ვლადიმერ პუტინის თანამოაზრე, რუსეთის პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" ინიციატივით გამოვიდა და "კონფლიქტში ჩართულ მხარეებს" მოუწოდა, 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 24 საათამდე ცეცხლი შეწყვიტათ.
  • კირილის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის უფროსის მრჩეველმა ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტი უწოდა.
  • 6 იანვარს პუტინმა ზუსტად კირილის "მოწოდების" შესაბამისი დროებით, 36 საათით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.
  • გუშინ რუსეთი ამტკიცებდა, თითქოს შეთანხმება ამოქმედდა და სროლა შეწყდა.

დეტალები: უწყება წერს, რომ 6 იანვარს საოკუპაციო ძალებმა ბახმუტზე იერიში მძიმე არტილერიით მიიტანეს.

  • შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 13 ადამიანი.
  • ასევე, განადგურებულია კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და სხვა ობიექტები.

ე.წ ზავი რუსეთმა პირველივე დღეს დაარღვია — უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ცაში რუსული ავიაგამანადგურებლები ჩანდნენ.

  • უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 6 იანვარს დაიბომბა ხერსონის სახანძრო სადგური, რასაც 1 მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
  • დღეს ცნობილი გახდა, რომ შობის ღამეს ხერსონი 39-ჯერ დაიბომბა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.
  • დაბომბა სუმის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები.
  • პენტაგონმაც დაადასტურა, რომ რუსეთმა შეთანხმება დაარღვია და ბრძოლა გაგრძელდა, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა შეთანხმების დარღვევაში უკრაინას ადანაშაულებს.