როგორც უკვე გიამბეთ, რუსებმა თავისივე მოგონილი ზავი დაარღვიეს და უკრაინის არაერთი ქალაქი დაბომბეს, სროლაში კი ჰუმანიტარული მისიაც მოხვდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, შობის დღეს ჯარების გაყვანა დაეწყო და აგრესიაზე უარის თქმის უნარი ეჩვენებინა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ ამაზე საუბარი გამორიცხულია.

  • 5 იანვარს, ვლადიმერ პუტინის თანამოაზრე, რუსეთის პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" ინიციატივით გამოვიდა და "კონფლიქტში ჩართულ მხარეებს" მოუწოდა, 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 24 საათამდე ცეცხლი შეწყვიტათ.
  • კირილის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის უფროსის მრჩეველმა ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტი უწოდა.
  • 6 იანვარს პუტინმა ზუსტად კირილის "მოწოდების" შესაბამისი დროებით, 36 საათით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.
  • გუშინ რუსეთი ამტკიცებდა, თითქოს შეთანხმება ამოქმედდა და სროლა შეწყდა.

ე.წ. ზავის პირველივე დღეს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა და ცაში რუსული ავიაგამანადგურებლები გამოჩნდნენ.

  • 6 იანვარს საოკუპაციო ძალებმა ბახმუტზე მძიმე არტილერიით იერიში მიიტანეს — შედეგად ორი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 13 დაიჭრა.
  • შობის ღამეს ხერსონი 39-ჯერ დაიბომბა, რის შედეგადაც 1 დაიღუპა და 7 ადამიანი დაშავდა.
  • დონეცკის ოლქში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 7 დაშავდა.
  • გენერალური შტაბის მონაცემებით, 7 იანვარს რუსების შეტევა 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
  • რუსეთი შეთანხმების დარღვევაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ზავი აგრესორმა დაარღვია.

გაეროს მისია რუსული თავდასხმის სამიზნე ზაპოროჟიეს ოლქში გახდა მაშინ, როცა ჰუმანიტარული დახმარების მიტანას ცდილობდა.

  • ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, ორგანიზაციას რუსები წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, თუმცა ცეცხლი მაინც არ შეწყდა.