უკრაინის ელჩმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა სტატია გამოაქვეყნა, სათაურით — "როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას და სად რჩება პრობლემები".

რატომ არის მნიშვნელოვანი: კასიანოვი სტატიაში მიმოიხილავს უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობას, რომელიც, მისივე თქმით, ამჟამად საკმაოდ რთულ პერიოდს გადის და ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემურ სფეროებს გამოყოფს.

  • "მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ სად არის განვითარება ამ ურთიერთობებში და სად წარმოიშვა პრობლემები", — წერს ელჩი.

დეტალები: კასიანოვის სტატიის ერთ-ერთი ქვეთავი სამხედრო დახმარებას შეეხება.

  • უკრაინის ელჩის განცხადებით, კიევი საქართველოსგან ითხოვდა ე.წ. ბუკის კომპლექსებს, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თავად გადასცა.
  • "უკრაინის თხოვნაში, ასევე, შედიოდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადმოცემული ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, იყო არა მხოლოდ შეთანხმება აშშ-დან, არამედ წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ", — წერს კასიანოვი.
  • მისივე თქმით, უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის, საქართველოს მიმართ იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების მოთხოვნაში და ღიად აცხადებდა იარაღის სასიცოცხლო აუცილებლობაზე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან.
  • "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმის მცდელობაზე", — ვკითხულობთ ელჩის სტატიაში.