თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი იკითხება — მან ათზე მეტი დიაგნოზი ჩამოთვალა, რომლის გამოც მისი შეფასებით, სააკაშვილი სასჯელისგან უნდა განთავისუფლდეს.

  • მისივე განმარტებით, სააკაშვილის მდგომარეობა გამოწვეულია არა შიმშილობით, არამედ არასწორი მკურნალობით.
  • ექიმმა თქვა, რომ ავადმყოფობის ასეთი დინამიკით და კვალიფიციური მკურნალობის არგაწევის შემთხვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სიკვდილი.
  • "მე გამომაქვს დასკვნა, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია", — თქვა გასტროენტეროლოგმა.

დეტალები: მან განმარტა, რომ სააკაშვილს აძლევდნენ ისეთ წამლებს, რომელიც არ უნდა მიეცათ, მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც შეუთავსებელი უკუჩვენებები აქვს.

  • "ასეთი მედიკამენტები არ უნდა მისცენ ისეთ პაციენტს, რომელსაც ჰქონდა ან ამ მომენტში აქვს წყლული. გარკვეული მედიკამენტებს, რომლებსაც მას აძლევდნენ შეუძლია, რომ დაამძიმოს ან გააუარესოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა", — თქვა მან.
  • ისაუბრა იმაზეც, რომ წონის კლება გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, არასწორი დიაგნოსტიკით.
  • თქვა, რომ თუ შეწყვეტენ ექსპრეზიდენტის მკურნალობას კონკრეტული მედიკამენტებით, პაციენტს დაუბრუნდება კვების სურვილი.
  • "მას უნდა მიეცეს ისეთი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომლებიც არ იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს. წამლები, რომლებსაც აძლევენ, იწვევს გემოს დაქვეითებას და დიარეას", — განმარტა გასტროენტეროლოგმა.
  • აღნიშნა, რომ სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ენდოსკოპიური კვლევები, მასალა აღებული უნდა იყოს არა მარტო კუჭის ანტრალური ნაწილიდან, არამედ სხეულის სხვადასხვა ადგილიდან.
  • მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში არ გაუმჯობესდება.

სტიუარტ ფინკელი ამბობს, რომ გარკვეული სახის მედიკამენტები იწვევს წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაზიანებას.

  • "არ გაგრძელებულა წვრილი ნაწლავის შემდგომი კვლევა, ეს შეიძლება ენდოსკოპიული კაფსულით ჩატარებულიყო, ასევე, წვრილი ნაწლავის მადილატირებელი ენდოსკოპია", — თქვა მან.
  • განმარტა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, არის თუ არა საქართველოში ამ ტიპის კვლევა შესაძლებელი, მაგრამ თუ არის — უნდა ჩატარებულიყო, თუ არ ჩატარდა — ეს სტანდარტის დარღვევაა.
  • მისი აზრით, სააკაშვილს წაერთვა ადეკვატური მკურნალობის უფლება, რამდენადაც არ მიეცა მკურნალობის სხვა ალტერნატივები.