ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, თითქოს უკრაინული ქალაქი ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ აიღო და მას შეტევისთვის "მნიშვნელოვან" ნაბიჯს უწოდებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სოლედარი დონეცკის ოლქის ქალაქია, რომლისთვისაც ბოლო დროს სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

  • მისმა დაკარგვამ, შესაძლოა, უკრაინულ ჯარებს გაურთულოს ბევრად უფრო დიდი ბახმუტის დაცვა, რომელსაც რუსები უკვე თვეებია შტურმით ებრძვიან.
  • ამ ქალაქის მნიშვნელობას მცირე მასშტაბების გამო რუსებისთვის სამხედრო ანალიტიკოსები სადავოდ უყურებენ, თუმცა სოლედარის ხელში ჩაგდება მოსკოვისთვის 10-თვიანი წარუმატებლობების ფონზე, მცირე გამარჯვებად შეფასდება.

დეტალები: როგორც ISW-ის რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში იყო ნათქვამი, ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები აღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში.

  • უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ გუშინ ღამე სოლედარში ცხელი ღამე იყო და ბრძოლა გრძელდება.

უკრაინა რუსეთის მტკიცებას უარყოფს და აცხადებს, რომ ქალაქის სავარაუდო "აღების" შესახებ ცნობები რეალობას არ შეესაბამება.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის თქმით, ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

რისთვის სჭირდება რუსეთს სოლედარი: რუსეთისთვის სოლედარს სტრატეგიულზე მეტად პროპაგანდისტული მნიშვნელობა აქვს — სურს, ფრონტის ხაზზე სრული კრახი როგორმე "წარმატებით" დაასრულოს, ამის გამო კი ქალაქს, ფაქტობრივად, ანადგურებს.

  • რუსეთს იმედი აქვს, რომ სოლედარი იქნება პირველი უკრაინული ქალაქი დონბასის ქვანახშირის რეგიონში, რომელსაც დაიპყრობს.
  • სოლედარს ახლა ბახმუტის გასაღებსაც ეძახიან — მისი დაპყრობის პერსპექტივა რუსეთის წარმატების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ, საგრძნობლად გაიზრდება საშიშროება, რომ ბახმუტიც დაეცემა.
  • სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, რომ, თუ რუსები ჩრდილოეთ სოლედარს დაიკავებენ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, სხვა პოზიციებზე გადავიდნენ, რათა ბახმუტი ნახევარწრეში შეიყვანონ.